ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების 12 საათის მდგომარეობით არსებულ შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის თქმით, კენჭისყრის მიმდინარეობისას, რამდენიმე უბანის შიგნით, ასევე, მის გარეთ ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. ამასთან, უბნებში სიმჭიდროვის გამო სრულფასოვნად დაკვირვების შესაძლებლობა არ იყო.

ორგანიზაციის თქმით, საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა, გამონაკლისი ბათუმის 23-ე და 76-ე უბნები იყო. მიზეზი ვერიფიკაციის აპარატის ტექნიკური პრობლემა გახდა. საიას ცნობით, პრობლემა მალევე მოგვარდა და 8 საათსა და 16 წუთიდან ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეძლეს. გარდა ამისა, რამდენიმე უბანზე დაირღვა საარჩევნო უბნების მოწყობის წესი, რადგან ამომრჩეველთა რაოდენობა 1 500-ზე მეტი იყო.

საიას ცნობით, დამკვირვებლებმა 100-ე და 76-ე უბნებთან სამარშრუტო ტაქსებით ამომრჩევლების უბნებზე მიყვანის შემთხვევები დააფიქსირეს. ამასთან, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 12 იყო აგიტაციის ორი შემთხვევა.

"მე-100 უბანთან უბნის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა მოუწოდა ამომრჩეველს, შემოეხაზა 41. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, ამ პირმა დატოვა ტერიტორია; 104-ე უბანზე შესულ ამომრჩეველს ხელში ეჭირა სპეციალურად დაბეჭდილი სააგიტაციო მასალა, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის რიგითი ნომრის გასწვრივ ეწერა ომის პარტია, ხოლო ბიულეტენის ინსტრუქციის ადგილზე იყო მოწოდება, რომ ამომრჩეველს გაეფერადებინა ქართული ოცნების კანდიდატის — რამაზ ჯინჭარაძის გასწვრივ არსებული წრე. სავარაუდოდ, ამომრჩევლებს ეს სააგიტაციო მასალა პერიმეტრზე დაურიგდათ. თავმჯდომარის რეაგირების შედეგად, დარღვევა აღმოიფხვრა", — ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ორგანიზაცია პერიმეტრის რეგულაციის დარღვევის ორ შემთხვევაზე საუბრობს, რაზეც საიას დამკვირვებლებმა სამართალდამცველებს მიმართეს. მათივე ცნობით, პირები 77-ე უბნიდან 10 მეტრში იყვნენ მობილიზებულები, პოლიცია ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენია, მიზეზად კი განმარტეს, რომ მათ უბანზე ყოფნის უფლება ჰქონდათ და ვერ დააჯარიმებდნენ.

"ნების კონტროლის რეგულაციები ადამიანების შეკრებაზე უნდა გავრცელდეს, მათ შორის კენჭისყრის შენობაში უფლებამოსილი პირების გარეთ შეკრებაზეც, თუ ისინი იკრიბებიან, ფიზიკურად აფერხებენ ან აღრიცხავენ ამომრჩევლებს", — აღნიშნავს ორგანიზაცია.

საიას დამკვირვებლებმა მე-100 უბანთან შეკრების შემთხვევა დააფიქსირეს, მათი თქმით, პოლიციის რეაგირების შემდეგ, ეს პირები დაიშალნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მათ, 12 საათამდე 2 შენიშვნა დააფიქსირეს. კერძოდ, მე-100 უბანი კომისიის წევრებმა დატოვეს, 90-ე უბანზე კი ნაკადის მომწესრიგებელმა დაუშვა ამომრჩეველი, რომლებსაც მარკირება გავლილი, ხოლო ხმა უკვე მიცემული ჰქონდა. ორგანიზაცია დასძენს, რომ დარღვევა თავმჯდომარის რეაგირების შედეგად აღმოიფხვრა.

დღეს, 2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ამომრჩევლები რუსთავში საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანია გახსნილი.

ბათუმში საკრებულოს ახალი მაჟორიტარი წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ენმ-მა მის გარდაცვალებაში ქართული ოცნება დაადანაშაულა. პარტიაში აცხადებენ, რომ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, ძალოვანი უწყების მოქმედი მაღალჩინოსანი, დავით რიჟვაძე ზეწოლას ახდენდა.

რაც შეეხება რუსთავს, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად, არჩევნების ჩატარება აუცილებელი გახდა, რადგან ქართული ოცნების წარმომადგენელი, ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერად აირჩიეს.