აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, დღევანდელი არჩევნები ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბათუმელებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

"მინდა, მივმართო თითოეულ ბათუმელს, ვისაც შეუძლია ამ არჩევნებში მონაწილეობა — ჩემო ძვირფასო ბათუმელებო, განსაკუთრებით, მე-4 სამაჟორიტარო ოლქის ამომრჩევლებს მინდა ვთხოვო მაქსიმალური აქტიურობისკენ, ვინაიდან, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის და იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც თითოეულ ბათუმელს აწუხებს", — თქვა მან.

რიჟვაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის გარდაუვალი მარცხი ახლოვდება, რის გამოც, პროვოკაციების მცდელობები იმატებს. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, "პროვოკაციებსა და დესტრუქციას" არ აყვნენ.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები იქნას აღკვეთილი. ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს მინდა ვთხოვო, რომ არ ავყვეთ ამ პროვოკაციებს, დესტრუქციას, მაქსიმალურად მშვიდ გარემოში მხარი დავუჭიროთ ჩვენს ძალიან ღირსეულ კანდიდატს - რამაზ ჯინჭარაძეს, რომელიც ნამდვილად იქნება თითოეული ბათუმელის ხმა ბათუმის საკრებულოში და დარწმუნებული ვარ, ბათუმელების მხარდაჭერით, მათი გვერდში დგომით ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ", — აღნიშნა მან.

დღეს, 2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ამომრჩევლები რუსთავში საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანია გახსნილი.

ბათუმში საკრებულოს ახალი მაჟორიტარი წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ენმ-მა მის გარდაცვალებაში ქართული ოცნება დაადანაშაულა. პარტიაში აცხადებენ, რომ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, ძალოვანი უწყების მოქმედი მაღალჩინოსანი, დავით რიჟვაძე ზეწოლას ახდენდა.

რაც შეეხება რუსთავს, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად, არჩევნების ჩატარება აუცილებელი გახდა, რადგან ქართული ოცნების წარმომადგენელი, ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერად აირჩიეს.