ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთთან შეერთების თაობაზე ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი უკანონო და ბათილი იქნება. უწყების თქმით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერენ მხარს.

"ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ნებისმიერი რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო და ბათილი ბათილი იქნება. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას", — ნათქვამია განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეერთებისთვის მალე ზომებს მიიღებდა, მათ ოფიციალურ გვერდზე პროპაგანდისტული შინაარსის სხვადასხვა განცხადება გავრცელდა, მათ შორის, იმაზე, რომ რუსეთთან გაერთიანებაზე რეფერენდუმი დაიგეგმება. ე.წ. რეფერენდუმი რუსეთისთვის ნაცადი ხერხია — იგივე მეთოდები გამოიყენეს უკრაინაში, როდესაც ანექსირებული ყირიმი რუსეთის ნაწილად გამოაცხადეს.

ე.წ. სახელმწიფო სააგენტო რესზე გამოქვეყნდა პარლამენტის სპიკერისა და ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებები. პარლამენტის სპიკერის თქმით, ე.წ. რეფერენდუმი უახლოეს მომავალში ჩატარდება და რუსეთთან შეერთებაზე ხალხი საკუთარ აზრს გამოთქვამს. მისივე განცხადებით, არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა არ არსებობს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონი რუსეთს შეუერთდეს.

ამავე თემაზე: