მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თითოეული ადამიანის ორგანიზმში ყოველკვირა საშუალოდ 5 გრამი პლასტმასა ხვდება. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Exposure and Health გამოქვეყნდა.

ასევე, იხილეთ: ჩვენს სისხლძარღვებში უკვე პლასტმასის ნაწილაკებიც ჩქეფს — მართლა

საუბარია პლასტმასის მიკრო და ნანონაწილაკებზე (MNP). პირველი მათგანის ზომა 0.001-დან 5 მილიმეტრამდე მერყეობს და ზოგჯერ ისინი შეუიარაღებელი თვალისთვისაც უხილავია. მეორე კი 0.001 მილიმეტრზე მცირე ზომისაა.

ეს პლასტიკური მატერია ჩვენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სხვადასხვა გზით ჩაედინება. მაგალითად, თუ დღეში რეკომენდებულ 1.5-დან 2 ლიტრამდე წყალს პლასტმასის ბოთლიდან სვამთ, ამით წელიწადში დაახლოებით 90 000 მსგავს ნაწილაკს იღებთ. ონკანის წყლის სმის შემთხვევაში, აღნიშნული რაოდენობა 50 000-ით მცირდება, ანუ ნახევარზე მეტით.

მკვლევრები აცხადებენ, რომ ამას ჩვენი ჯანმრთელობის გაუარესება და უკვე არსებული დაავადებების გამწვავება შეუძლია.

"საჭმლის მომნელებელი ჯანსაღი სისტემა ამ რისკს უმკლავდება, თუმცა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ადგილობრივი ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებას ახლავს თან, MNP-ის მიმართ მოწყვლადს გვხდის", — ამბობენ ავტორები.

სპეციალისტებს სურთ, რომ ამ საკითხს საზოგადოებისა და კოლეგების მხრიდან მეტი ყურადღება დაეთმოს, რათა უკეთ გავიგოთ, კონკრეტულად რა საფრთხეს გვიქმნის მიკროპლასტმასა. ასევე, გავარკვიოთ, რა არის მისი უმთავრესი წყარო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.