"სოფელთან ახლოს უზარმაზარი ბზარები გაჩნდა და სახლების მიმართულებით დაიძრა. ორი კვირის განმავლობაში, ჩემი სახლის კედლები იშლებოდა. გუშინ კი სახლის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა", — ამბობს ითხვისის მკვიდრი თეონა.

ითხვისი ცენტრალურ საქართველოში მდებარე წყნარი სოფელია, რომელიც ქვემო ხეობაში მდინარე ყვირილას გადაჰყურებს. სოფელთან მიახლოება სარისკო გახდა, რადგან ფეხქვეშ ნიადაგი იშლება. გზაზე მასიური ბზარების კვალია, სიახლოვეს ნიადაგი ყოველდღიურად იძვრის და ქმნის საფრთხეს, რომ მთელი სოფელი საცხოვრებლად ვარგისი აღარ იქნება.

გზაზე ყოველ რამდენიმე მეტრში ბზარებია.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

ითხვისში უკვე, სულ ცოტა, 14 სახლი ნაწილობრივ ან მთლიანად ჩამოიშალა — თითქმის ყველა სახლში ხალხი ნივთებს აგროვებს და ევაკუაციას იწყებს.

თეონა ამბობს, რომ მის სახლში ბზარები ორი კვირის წინ გაჩნდა.

"ჩვენ სახლი რამდენიმე დღის წინ დავტოვეთ, მაგრამ ჩემს სიმამრს წამოსვლა არ უნდოდა. გუშინ ძლივს შევძელით მისი დარწმუნება, სხვა გზა უბრალოდ არ იყო", — თქვა მან.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

თეონას სახლი საცხოვრებლად ვარგისი აღარ არის — ყოველ წუთს ახალი ბზარები ჩნდება.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

ის და მისი ოჯახის 4 წევრი ახლა ჭიათურასთან ახლოს ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

მეგრელიშვილების სახლი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ჩამოიშალა. 2 კვირის წინ, როცა ბზარები პირველად გაჩნდა, მანანა მეგრელიშვილმა და მისმა ქმარმა სახლში ელექტროენერგიისა და გაზის გათიშვა გადაწყვიტეს.

"ვშიშობდი, რომ ხანძარი იქნებოდა, მაგრამ შეხედე, მთელი სახლი დაკარგულია. თავდაპირველად, ის ჩამოიშალა, შემდეგ ნარჩენებმა მიწაში ჩასვლა დაიწყო", — ამბობს მანანა და მისი ყოფილი სახლის შესასვლელთან სკამზე ზის.

მეგრელიშვილების ბაღიდან მხოლოდ მცირე ზომის ბეტონიღა შემორჩა, დანარჩენი ხეობაში გადაიჩეხა.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

მანანა მეგრელიშვილი (მარჯვნივ) საკუთარი სახლის ნარჩენებს შეჰყურებს.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

მეგრელიშვილების სახლის შესასვლელი.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

"თუ ყურადღებით მოუსმენ, ახლაც გაიგებ ხმას, როგორ იძირება ყველაფერი. ეს ადგილი ახლა სულ სხვანაირად გამოიყურება, თითქოს აქ ათწლეულები არ ვცხოვრობდი. საერთოდ ვერ ვცნობ", — თქვა მან ტირილით.

წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია შეუპოვარია

მაშინ, როცა ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ მათი სოფლის ჩამოშლა მახლობლად მდებარე მარგანეცის მაღაროების შედეგია, ჯორჯიან მანგანეზი, კომპანია, რომლებიც მაღაროებს ოპერირებს, სხვას ამბობს.

კომპანიის სპიკერმა, თამარ ხურციამ OC Media-ს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც 2007 წელს კომპანიამ ჭიათურის მაღაროები ჩაიბარა, ითხვისის დასახლებულ ტერიტორიაზე მადანი არასდროს მოუპოვებიათ. მისი თქმით, ითხვისის მაღაროები ჩვეულებრივად მუშაობს, თუმცა ისინი სოფლიდან "საკმაოდ შორს" არის.

"ითხვისის ზარალი ჩვენი მადნის მოპოვებით არ არის გამოწვეული, ეს, სავარაუდოდ, მეწყერმა გამოიწვია", — თქვა მან და დაამატა, რომ შემთხვევას სპეციალური კომისია სწავლობს.

კომპანიამ, ასევე, გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეს პრობლემა, შეიძლება, 1980 და 1990-იან წლებში წარმოებული წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების შედეგია.

გულნაზი, რომელიც ითხვისში 41 წელი ცხოვრობდა, ამბობს, რომ სახლიდან რამდენიმე დღის წინ გადავიდნენ და ახლა ბოლო ნივთების გადარჩენას ცდილობენ.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

გულნაზის ოჯახში 7 წევრია. მისი თქმით, მათ ასევე დაკარგეს სასოფლო-სამეურნეო მიწები, რითაც ოჯახს არჩენდნენ.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

თუმცა სიტყვა "მეწყერის" ხსენება ადგილობრივებს აბრაზებს — ისინი დარწმუნებულები არიან, რომ კომპანია ცდილობს დამალოს, რომ ითხვისის ქვეშ მადნის მოპოვება კვლავ მიმდინარეობს.

ნინო, ითხვისის კიდევ ერთი მცხოვრები ამბობს, რომ მას და მის მეზობლებს ღამით აფეთქებების ხმაც ესმით.

ორკვირიანი უძილო ღამეების შემდეგ, რაც მიწის ჩამოშლის გამო სახლის ჭრიალით არის გამოწვეული, ნინოც დროებით ნაქირავებ ბინაში გადადის. ის შიშობს, რომ შეიძლება, სახლი ნებისმიერ წამს ჩამოინგრეს.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი აცხადებს, რომ კომპანიის პასუხისმგებლობას ვერ გამორიცხავენ. მათი თქმით, თანამშრომლების ნაწილი ადგილზე ჩავიდა და მდგომარეობა შეისწავლა.

"თქვეს, რომ [სიტუაცია] ნამდვილად მძიმეა. როცა ვკითხე, ფიქრობენ თუ არა, რომ ამ ზარალის უკან ჯორჯიან მანგანეზი იდგა, განაცხადეს, რომ ამ წუთში კომპანიის პასუხისმგებლობას ვერ უარყოფენ. ისინი, ასევე, ფიქრობენ, რომ საკითხი სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ ყურადღებით", — განუცხადა თამაზ დოლაბერიძემ OC Media-ს.

სოფლის მცხოვრებლები მიწის ბზარებზე მიუთითებენ და იხსენებენ, რომ რამდენიმე კვირის წინ ეს ადგილი ფეხბურთის სათამაშოდ გამოიყენებოდა.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

ითხვისი ამ ტერიტორიაზე პირველი სოფელი არ არის, რომელმაც ბოლო წლებში ეს კატასტროფა განიცადა. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც შუქრუთის მოსახლეობის სახლები ჩამოინგრა, მათ პროტესტი დაიწყეს.

ერთწლიანი პროტესტის შემდეგ, რაც მშრალ შიმშილობას, ადგილობრივების მიერ პირების ამოკერვასა და ჯორჯიან მანგანეზის წინააღმდეგ შანტაჟის ბრალდებებსაც მოიცავდა, კომპანია საბოლოოდ დანებდა და კომპენსაციის გადახდაზე დასთანხდმა.

თუმცა გიორგი ნეფარიძე, ერთ-ერთი წევრი იმ ათი ოჯახიდან, რომელმაც კომპენსაცია მიიღო, OC Media-ს ეუბნება, რომ კომპანიას გაცემული დაპირებები ბოლომდე არ შეუსრულებია. მისი თქმით, ჯორჯიან მანგანეზი კომპენსაცია ნაწილობრივ რიცხავდა და შეთანხმება, რომელსაც მიაღწიეს, არ შეეხება არცერთ ახალ ზარალს, რომელიც წარმოიშვება.

ადგილობრივები ჯოხებს იყენებენ და ერთმანეთს ეყრდნობიან, რათა გორაზე სახიფათო ახალ გზებზე გადაადგილდნენ.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

ზოგიერთი შენობა, რომელიც რატომღაც ისევ დგას, ნახევრად მიწაშია ჩასული.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

რა არის შემდეგი ითხვისელებისთვის

ითხვისის მცხოვრებლებისთვის კომპენსაციის პერსპექტივა ჯერ კიდევ შორეულია.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ითხვისში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამჟამად სიტუაციას გეოლოგები სწავლობენ, რათა დაადგინონ "რამდენად უსაფრთხოა ითხვისში ცხოვრება".

ამ ეტაპზე ჭიათურის მერიამ ქირის გადახდა შესთავაზა მათ, ვისი სახლებიც საცხოვრებლად ვარგისი აღარ არის, თუმცა რამდენიმე ოჯახი დარწმუნებული არ არის, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება.

მერიამ ოფიციალურ Facebook-ზე სოფელში მერის, გივი მოდებაძის ვიზიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია — პოსტი სავსეა ფოტოებით, სადაც ის ზარალს შეისწავლის. თუმცა უწყებას ინტერვიუზე ჩვენი მიმართვისთვის არ უპასუხია.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში კი OC Media-ს განუცხადეს, რომ ითხვისში მიმდინარე პროცესებში ჩართულები არ არიან და მერიასთან გადაგვამისამართეს.

ადგილობრივები საერთო შიშს გამოხატავენ, რომ მაშინაც კი, თუ კომპანია ან მთავრობა კომპენსაციას უზრუნველყოფს, ეს ახალი სახლის საყიდლად საკმარისი არ იქნება.

"მყარი მიწაც კი არ არის, სადაც სახლების აშენება შეიძლება, სად წავალთ, სად ვიცხოვრებთ მას შემდეგ, რაც აქ 20 წელი ვცხოვრობდით?", — უიმედოდ იკითხა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ბორის მეგრელიშვილი საკუთარ ეზოში.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

ბორის მეგრელიშვილის საკუთრება

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

ბორისმა და რამდენიმე მეზობელმა გადაწყვიტეს, რომ სახლი ჩამონგრევამდე დაეცალათ. მას ყველაფერი გააქვს — საკვებიდან დაწყებული, ავეჯისა და ფანჯრების ჩათვლით.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

ბორის მეგრელიშვილი, რომელიც ახლა სახლს ცლის, ამბობს, რომ ყველაზე დამწუხრებული მისი ვენახის გამოა.

"ამაში წლების შრომაა ჩადებული. ხალხი აქ მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულზე ცხოვრობდა, ნაქირავებ ბინაში რას ვიზამთ?".

ითხვისის მცხოვრებლები სოფელს ტოვებენ.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

ავეჯითა და ტანსაცმლით სავსე სატვირთო მანქანას ტვირთი ჭიათურაში გადააქვს, მას შემდეგ, რაც ადგილობროვები სახლებს აცარიელებენ.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.