მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონები და ზოგადად ტექნოლოგიური სამყარო კოლოსალური სისწრაფით ვითარდება, ყველა მოწყობილობას აქვს თავისი სუსტი მხარე. სმარტფონების შემთხვევაში ეს, ალბათ, ელემენტია. დარწმუნებული ვარ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როცა ტელეფონი ცუდ დროს ითიშება, ამან გარკვეულ მდგომარეობაში შეიძლება სერიოზული პრობლემებიც შეგიქმნათ.

თანამედროვე სმარტფონები სწრაფად აღარ ჯდება და ამ მხრივ Apple-ის პროდუქტიც განსაკუთრებულად დაიხვეწა. iPhone 13 Pro Max ერთი დღის განმავლობაში სრული დატვირთვით თავისუფლად ძლებს, მაგრამ მაინც დგება მომენტი, როცა ელემენტი გვიჯდება და დამტენი ახლოს არსად არ არის.

სმარტფონის ელემენტის დაზოგვა და მასზე მოფრთხილება მრავალი გზით შეიძლება და თუ თქვენ iPhone-ის მფლობელი ხართ, მაშინ ამ სტატიაში რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომელიც ელემენტის ეფექტურად მოხმარებაში დაგეხმარებათ.

1. გაააქტიურეთ Low Power Mode

ელემენტის სწრაფად დაჯდომასთან საბრძოლველად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება Low Power Mode გახლავთ. მისი გააქტიურებით სმარტფონი ფონურ რეჟიმში მომუშავე აპლიკაციებსა და გარკვეულ სერვისებს ზღუდავს.

LPM სმარტფონის 20%-ზე ჩამოსვლის შემთხვევაში ავტომატურად აქტიურდება, თუმცა მისი ჩართვა Settings-იდან ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

2. გათიშეთ ლოკაციის დამდგენი სერვისები

ლოკაცია სასარგებლოა ისეთი აპლიკაციებისთვის, როგორიცაა Google Maps ან Weather, თუმცა GPS-ის მუდმივად აქტიურ რეჟიმში ყოფნა სმარტფონის ელემენტს საკმაოდ მალე სვამს. ლოკაციის დამდგენი სერვისების სრულად გათიშვა Settings-იდან შეგიძლიათ.

თავის მხრივ, ლოკაციის სერვისების გათიშვა ბევრი აპლიკაციის გამართულ მუშაობას შეაფერხებს. მაგალითად, გადაადგილებისას ვერც სანავიგაციო რუკის გამოყენებას შეძლებთ და ვერც ამინდის სერვისი გეტყვით თქვენი ადგილმდებარეობის მიხედვით რა ამინდია მოსალოდნელი. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება აპლიკაციებს ლოკაციაზე წვდომა არა სრულად, არამედ ნაწილობრივ შეუზღუდოთ. ამისთვის კონკრეტული აპლიკაციები While Using the App რეჟიმზე უნდა დააყენოთ და მათი გამოყენებისას ლოკაციის სერვისები ავტომატურად ამუშავდება.

3. გათიშეთ ფონურ რეჟიმში მყოფი აპლიკაციების განახლებები

როდესაც თქვენს აიფონში აპლიკაციას ხურავთ, ის დროებით კიდევ აგრძელებს მუშაობას და შემდეგ ძილის რეჟიმში გადადის. მაშინ, როდესაც Background App Refresh გააქტიურებულია, ეს მიძინებული აპლიკაციები ისევ აგრძელებენ ახალი კონტენტის შემოწმებასა და განახლებების ძიებას. ეს, რაღა თქმა უნდა, ელემენტის მუშაობაზე კარგად არ აისახება.

Background App Refres-ის გასათიშად Settings უნდა გავხსნათ და General განყოფილებაში გადავიდეთ.

4. შეტყობინებების ხშირი ამონათება ელემენტს სვამს — თქვენ ამის შეცვლა შეგიძლიათ

თუ დაბლოკილი სმარტფონი ახალ-ახალი შეტყობინებების გამო ხშირად ინთება, თითოეული ტვიტი, ნიუსი თუ მესიჯი ელემენტის გარკვეულ პროცენტებს წაიღებს. ზოგი ადამიანისთვის ეკრანის გაუთავებლად განათება მომაბეზრებელიც კია და ამის შეცვლაც Settings-იდან შეგიძლიათ. გახსენით Settings > Notifications და საკუთარი სურვილით აირჩიეთ რომელი აპლიკაციის შეტყობინებები გსურთ, რომ იხილოთ დაბლოკილ ეკრანზე.

5. გათიშეთ Siri-ს შემოთავაზეები და აქტიური მოსმენის რეჟიმი

Siri ეფლის ციფრული ასისტენტია, რომელიც ჩვენს შესახებ ყველაფერს სწავლობს და ამ ინფორმაციას სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებს. მაგალითად, თუ ჩვენ ყოველ დილით ყავას ვსვამთ, შესაძლოა ასისტენტმა ყავის შეკვეთა ზუსტად იმ დროს შემოგვთავაზოს, როცა ამას ჩვენ ვშვებით ხოლმე. ეს ერთი შეხედვით კომფორტულია, მაგრამ იმისათვის, რომ ასისტენტმა ეს შეძლოს, ის ფონურ რეჟიმში მუდმივად მუშაობს, ეს კი ელემენტისთვის სახარბიელო ნამდვილად არ არის.

Siri-ს განყოფილებაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. ყველა თანამედროვე მოწყობილობას, რომელიც iOS-სა და iPadOS-ზე მუშაობს აქვს Siri-ს ხმოვანი სიგნალით გამოძახების შესაძლებლობა. ანუ, თუ თქვენ ასისტენტს "Hey, Siri-თი" მიმართავთ, ის პასუხს დაგიბრუნებთ და თქვენი დავალების შესასრულებლად მზად იქნება. იმისათვის რომ სმარტფონმა ეს შეძლოს, ის მუდმივ რეჟიმში მზად უნდა იყოს ამისთვის. Settings-იდან თქვენ შეძლებთ გათიშოთთ "Listen for Hey Siri". თუ ასისტენტის გამოყენება მაინც გსურთ, შეგიძლიათ "Press Side Button for Siri" გააქტიურებული დატოვოთ.

ეს ის რამდენიმე მარტივი ხერხია, რომლითაც თქვენი ელემენტის ეფექტიანობა გაიზრდება. ასევე, არ დაგავიწყდეთ სმარტფონის რეგულარული განახლება, რადგან ახალი სისტემა ყოველთვის ძველზე უკეთ მუშაობს.