პუტინის პრესსპიკერი დმიტრო პესკოვის თქმით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების "რეფერენდუმს" პატივისცემით მოეკიდებიან. მისი მტკიცებით, რუსეთს არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მათთან შესაერთებლად.

"საქმე ეხება ერის ნების გამოხატვას სამხრეთ ოსეთში და ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებით მას. მე არ შემიძლია, პოზიციის გამოხატვა, ჩვენ არანაირი იურიდიული და სხვა ნაბიჯი არ გადაგვიდგამს", — ციტირებს პესკოვს RBC.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეერთებისთვის მალე ზომებს მიიღებდა, მათ ოფიციალურ გვერდზე პროპაგანდისტული შინაარსის სხვადასხვა განცხადება გავრცელდა, მათ შორის, იმაზე, რომ რუსეთთან გაერთიანებაზე რეფერენდუმი დაიგეგმება. ე.წ. რეფერენდუმი რუსეთისთვის ნაცადი ხერხია — იგივე მეთოდები გამოიყენეს უკრაინაში, როდესაც ანექსირებული ყირიმი რუსეთის ნაწილად გამოაცხადეს.

ე.წ. სახელმწიფო სააგენტო რესზე გამოქვეყნდა პარლამენტის სპიკერისა და ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებები. პარლამენტის სპიკერის თქმით, ე.წ. რეფერენდუმი უახლოეს მომავალში ჩატარდება და რუსეთთან შეერთებაზე ხალხი საკუთარ აზრს გამოთქვამს. მისივე განცხადებით, არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა არ არსებობს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონი რუსეთს შეუერთდეს.

ამავე თემაზე: