ნეტფლიქსის პოპულარულ სერიალში, The Umbrella Academy-ში, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ვანია ჰარგრივსი, მესამე სეზონში ტრანსგენდერად დაქამინგაუთდება. სიახლის შესახებ სერიალის ფანებს პერსონაჟის შემსრულებელმა მსახიობმა, ელიოტ პეიჯმა, აცნობა, რომელიც რამდენიმე წლის წინ თავად დაქამინგაუთდა.

The Umbrella Academy-ის მესამე სეზონში, რომელიც 22 ივნისს გამოდის, პეიჯის პერსონაჟს სხვა სახელი — ვიქტორ ჰაგრივსი — ერქმევა, ამასთან, შეიცვლება მისი მისამართით გამოყენებული ნაცვალსახელები.

"გაიცანით ვიქტორ ჰარგრივსი", — დაწერა პეიჯმა ტვიტერზე და გამომწერებს თავისი პერსონაჟის ფოტო გაუზიარა.

მსახიობის ტვიტი გადააზიარა ნეტფლიქსმაც:

"კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში, ვიქტორ — გვიხარია, რომ აქ ხარ".

როცა პეიჯმა თავისი გენდერული იდენტობის შესახებ 2020 წელს ღიად ისაუბრა, ნეტფლიქსმა დაადასტურა, რომ მსახიობი სერიალში მონაწილეობას განაგრძობდა, ამასთან, შეიცვლებოდა მისი სახელი ყველა წინანდელ პროექტში. თუმცა, მაშინ ცნობილი გახდა, რომ სერიალში პეიჯის პერსონაჟის შეცვლა არ იგეგმებოდა. ცოტა ხნის წინ კი, როცა ნეტფლიქსმა მესამე სეზონი ტრეილერით დააანონსა, გმირი ისევ ვანიად იყო მოხსენიებული — ამდენად, სიახლე პირველად პეიჯის ტვიტით გავიგეთ.

მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებაა, რომ თანამედროვე პოპკულტურაში უფრო მეტი ყურადღება ექცევა განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების რეპრეზენტაციას. ათწლეულების განმავლობაში წიგნებში, ფილმებსა და სერიალებში უხილავობამ და მეტიც, ისტორიაში დატოვებული კვალის წაშლამ, ხომ ქვიარ ადამიანებზე სტერეოტიპების ჩამოყალიბებას და არატოლერანტული, ჰეტერონორმატიული გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. არანაკლებ პრობლემურია სისგენდერი მსახიობების მიერ ტრანსგენდერი პერსონაჟების განსახიერების ტენდენციაც.

სერიალის მესამე სეზონი კი იმ ადგილიდან გაგრძელდება, სადაც ჰარგრივსებს წინა სეზონის ბოლოს დავემშვიდობეთ.

ჯერარდ უეის და გაბრიელ ბას შექმნილ Dark Horse-ის კომიქსებზე დაფუძნებული The Umbrella Academy პირველად 2019 წელს იხილა მაყურებელმა. გამოშვებიდან პირველ თვეში ის 45 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა, რითაც წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც პროექტის მონაწილე ერთ-ერთი მთავარი მსახიობი, ელიოტ პეიჯი, 2020 წელს დაქამინგაუთდა, მას მხარდაჭერა გამოუცხადა სერიალის შემოქმედებითმა ჯგუფმა.

სხვათა შორის, ელიოტ პეიჯი ასევე პირველი ტრანსგენდერი კაცია, რომელიც TIME-ის გარეკანზე დაბეჭდეს.