ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, არც ოცნებას — მით უმეტეს მაშინ, როცა შესაძლოა, ოცნებები რეალობად იქცეს და ერთ დღესაც სამყარო ისეთივე ფერადი, ხალისიანი და უდარდელი გახდეს, როგორიც ეს ბავშვებს წარმოუდგენიათ…

სწორედ ბავშვების წარმოსახვით შექმნილი მომავლის ავტომობილები იყო ტოიოტა ცენტრი თეგეტას ხატვის კონკურსის მთავარი თემა. 9 გამარჯვებული 3 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა და ახლა მათ ნამუშევრებს საერთაშორისო კონკურსზე, იაპონიაში შეაფასებენ.

7 წლის ანანო მაისურაძე პირველი ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებულია. მშობლებისგან გაიგო, რომ თურმე ტოიოტა ცენტრი თეგეტა ხატვის კონკურსს აცხადებს და ყველა ბავშვს დროში, ფანტაზიასა და ოცნებებში მოგზაურობის საშუალებას აძლევს. მხიარულმა, ცელქმა და უსაზღვროდ ენერგიულმა ანანომ ფერადი ფანქრები მოიმარჯვა, ოცნების ავტომობილში მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ჩასვა და კორონავირუსისგან სამუდამოდ გაათავისუფლა.

ფოტო: თეგეტა მოტორსი

"ჩემი "მომავლის მანქანა" ანადგურებს კორონას, მის დანახვაზე ვირუსები გარბიან და პირბადეების გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს. ამ ავტომობილის მეშვეობით, სიხარული და იმედი ჩნდება ბავშვებში. კონკურსის შედეგებს მოუთმენლად ველოდებოდი, ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ, რომ გავიგე ჩემი გამარჯვების შესახებ, ძალიან გამიხარდა. დაჯილდოების ღონისძიებამ კი უფრო მეტი სიხარული მომგვარა. ვიცი, რომ ჩემი ნახატი იაპონიაში, მთავარ კონკურსზე გაიგზავნა, რამაც მორიგი გამარჯვების იმედი გამიჩინა", — ანანო მაისურაძე.

11 წლის ლიზა ნარსიას ქართული ცეკვა, სიმღერა და ხატვა უყვარს. წერს ლექსებსა და მოთხრობებს. ოცნებობს ბევრს და მისი სამყარო ჯადოსნური მანქანებით სავსეა. დიდი ფიქრისა და შრომის შედეგად სულ რამდენიმე დღეში ოცნება ფურცელზე გადაიტანა და ფერები შეასხა. ავტომობილში სოციალურად დაუცველი ადამიანები მოათავსა და მათი პრობლემების მოგვარება მომავლის მანქანას მიანდო.

"საქართველოში და არამარტო საქართველოში, ცხოვრობენ გაჭირვებული ადამიანები, ჩემი მანქანა სწორედ მათთვისაა. ისინი იმოგზაურებენ სამყაროს გარშემო და თან სახლებს შეაფარებენ თავს. ძალიან მინდა, ეს ოცნება ამიხდეს და მთელი გული ჩავდე ამ ნახატში. კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც დამიკავშირდნენ და გამარჯვების შესახებ მაცნობეს, ძალიან გამიხარდა და დიდ ემოციებში ვიყავი. ვერ წარმოვიდგენდი, პირველი ადგილის მფლობელი თუ გავხდებოდი. ამ კონკურსმა დამარწმუნა, რომ მთავარია მონდომება და წარმატებას აუცილებლად მიაღწევ. ახლა მთავარ კონკურსზე ვღელავ, თუ რომელიმე ადგილის მფლობელი გავხდები, ვიცი, ეს ჩემს ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის", — ლიზა ნარსია.

ფოტო: თეგეტა მოტორსი

15 წლის ნათია დუჩიძეს ფსიქოლოგია აინტერესებს. ემოციების საკუთარ თავში დამალვა ახასიათებს, უცხო ხალხთან კომუნიკაცია ბოჭავს და განცდების, ფიქრებისა თუ სათქმელის გამოხატვას ყოველთვის ფურცელზე ფანქრით ცდილობს. დიდი ხანია ხატავს და ეს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს, თანაც განტვირთვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს. უცხო საზოგადოების აზრი თუ შეფასება ყოველთვის აინტერესებდა, კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა და ოცნების ავტომობილზე ფიქრი დაიწყო — ერთ თვეში გუაშით მომავლის მანქანა შექმნა, რომელიც ადამიანებს ყველანაირ ტკივილსა და ცუდ მოგონებებს ავიწყებს.

ფოტო: თეგეტა მოტორ

"მე ფანქარში მიყვარს ხატვა, შავ-თეთრში, მაგრამ, რაკი ეს მანქანა ოცნებასთან იყო ასოცირებული, ორ ნაწილად გავყავი, ერთ მხარეს მუქი ფერები დავხატე - სადაც ცუდი მოგონებები და სტრესია, მეორე მხარეს — ფერადი ყვავილები, ლამაზი ჩიტები, მხიარული ფერები შევიტანე. ჩემს ოცნების მანქანაში რომ ჩაჯდება ადამიანი, ყველანაირი ტკივილისგან თავისუფლდება, ყველა ნეგატიური ფიქრი თუ მოგონება ავიწყდება. კარგი იქნებოდა, ასეთი მანქანა მართლა არსებობდეს. ეს ჩემი პირველი გამარჯვება იყო. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის მომენტები, ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ კონკურსმა ჩემს ცხოვრებაში. უდიდესი სტიმული მომცა, უფრო თავდაჯერებული გავხდი", — ნათია დუჩიძე.

ტოიოტას ხატვის გლობალურ კონკურსს, რომელშიც ყოველწლიურად მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს, საქართველოც უკვე მეთხუთმეტე წელია ტრადიციულად უერთდება. ოცნების ავტომობილი საქართველოში მცხოვრებმა 15 წლამდე ასაკის 400-მდე ბავშვმა წარმოიდგინა და ფანტაზია ფურცელზე გააცოცხლა.

"მომავლის ავტომობილის შექმნისათვის ბავშვებს სრული თავისუფლება მივეცით, რომ ნამუშევრები თავიანთი ფანტაზიით შეექმნათ. მეტი მნიშვნელობა მივანიჭეთ იდეას და არა ტექნიკურად შესრულებას, თუმცა, მიხარია, რომ საბოლოო ნამუშევრებში ეს თანხვედრა მაინც იყო. ჩვენი მიზანია, ქართველ ბავშვებს საშუალება მივცეთ, თავიანთი ოცნებები დახატონ და მსოფლიოს გააცნონ. ახლა საერთაშორისო გამარჯვების მოსაპოვებლად მათ ნამუშევრებს იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე გავგზავნით", — თეა მანჯავიძე, ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი.

შთამბეჭდავი იყო კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი. ტოიოტა ცენტრი თეგეტას შოურუმში ნახატების გამოფენა მოეწყო და ახალგაზრდა მხატვრების გართობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. გამარჯვებულებს, სერტიფიკატებთან ერთად, მათი ინტერესებისა და სურვილების მიხედვით შერჩეული საჩუქრებიც გადაეცათ. შესაძლოა, მათ უკვე შეცვალეს სამყარო და რომელიმე მათგანი მომავლის ავტომობილის ავტორია.