ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, ბორდერიზაცია, რასაც ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის მომზადება იყო. მისი თქმით, ხელისუფლება ფიქრობდა, რომ თუ "ჩაწვებოდნენ" რუსეთი ამას არ გააკეთებდა.

"ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი. მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა. ბიბილოვმა ერთი გამოსვლით მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა.

შესაბამისად, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე, გამარგინალებული ამ დიდი საფრთხის წინაშე. იქნებ ახლა მაინც მოეგონ გონს და გადადგან ნაბიჯები ერთიანობისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობისკენ", — წერს სააკაშვილი.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეერთებისთვის მალე ზომებს მიიღებდა, მათ ოფიციალურ გვერდზე პროპაგანდისტული შინაარსის სხვადასხვა განცხადება გავრცელდა, მათ შორის, იმაზე, რომ რუსეთთან გაერთიანებაზე რეფერენდუმი დაიგეგმება. ე.წ. რეფერენდუმი რუსეთისთვის ნაცადი ხერხია — იგივე მეთოდები გამოიყენეს უკრაინაში, როდესაც ანექსირებული ყირიმი რუსეთის ნაწილად გამოაცხადეს.

ე.წ. სახელმწიფო სააგენტო რესზე გამოქვეყნდა პარლამენტის სპიკერისა და ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებები. პარლამენტის სპიკერის თქმით, ე.წ. რეფერენდუმი უახლოეს მომავალში ჩატარდება და რუსეთთან შეერთებაზე ხალხი საკუთარ აზრს გამოთქვამს. მისივე განცხადებით, არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა არ არსებობს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონი რუსეთს შეუერთდეს.

ამავე თემაზე: