ქობულეთში პრორუსული ალტ-ინფოს ოფისთან დაკავებულ ძალადობრივი ჯგუფის 5-ვე წევრს აღკვეთი ღონისძიების სახით 5000-5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ისინი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან. On.ge-ს ინფორმაცია ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პროკურატურის ცნობით, 22 მარტს, ქობულეთში, ალტ-ინფოს ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ზ.ჩ-მ, გ.გ-მ, ზ.გ-მ, ზ.ფ-მ და ი.ი-მ ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ. ჯ-ს, გ. რ-ს და თ.ქ-ს.

ქობულეთში პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური ორგანიზაცია ალტ-ინფოს ოფისის გახსნასთან დაკავშირებულ მოქალაქეების პროტესტს დაპირისპირება მოჰყვა. შეკრებილების თქმით, მოძალადე ჯგუფები თავს დაესხნენ, როცა ალტ-ინფოს ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებს თან უკრაინის დროშა ჰქონდათ.