ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, მთავარი პროკურორის ჩარევით საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის დანაშაულებრივი საქმე მიიჩქმალა. პარტიაში აღნიშნავენ, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმირებული იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.

"მიმდინარე წელს, სპეც სამსახურს, კერძოდ, სუს-ს მუშაობის დაწყების სურვილით საქართველოს მოქალაქემ მიმართა. სპეციალური პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სუს-ში მუშაობის დაწყებას სჭირდება, დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ ამ მოქალაქის ანაბეჭდების ნიმუშები ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდების იდენტურია, " - აღნიშნავენ პარტიაში, რომელთა ინფორმაციითაც, ეს ანაბეჭდები საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის შვილს ეკუთვნოდა.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, თბილისში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ქურდობის ფაქტზე, რომელიც დღემდე გაუხსნელია. სამართალდამცავებმა კი, დანაშაულის ადგილიდან ამოიღეს სავარაუდო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომლებიც დაარეგისტრირეს სამძებრო სამსახურის ბაზაში.

ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს, რომ ამ მონაცემების თანხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო გომელაურისა და გოგაშვილის უწყება, მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურამ კი, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის უშუალო ჩარევის შედეგად ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა.

ოპოზიციური პარტია დაუყონებლივ მოითხოვს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტო ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,

ნაციონალური მოძრაობა ასევე მოითხოვს საქართველოს გენერალური პროკურორისაგან, ირაკლი შოთაძისაგან განმარტებას ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიების საქმეზე და გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გასაჯაროებას.

საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი სესიაშვილი ნაციონალური მოძრაობის მიერ მისი შვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს თავის საქმიანობას უკავშირებს. სესიშვილის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და ამის გამო სასამართლოში ჩივილს გეგმავს.