სტარტაპებსა და ანგელოზ ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთმანეთი იპოვონ — აქსელი მორიგ საინვესტიციო შეხვედრას გამართავს.

აქსელის, ანუ საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, მორიგი საინვესტიციო შეხვედრა 30 მარტს, საღამოს 19 საათზე ჩატარდება და მას შერჩეული სტარტაპები და ინვესტორები დაესწრებიან.

ღონისძიების გენერალური პარტნიორები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), თეგეტა ჰოლდინგი, Grant Thornton და ლიბერთი ბანკი არიან.

აქსელის მიზანი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით.

"ჩვენ ყველაფერს გავეკეთებთ აქსელის სწრაფი ზრდისა და განვითარებისთვის, რაც თავისთავად პირდაპირ "ჭკვიანი ფულის" ინვესტირებას გულისხმობს საქართველოს ტექნოლოგიურ სტარტაპებში. დიდი მადლობა ყველა პარტნიორს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ანგელოზი ინვესტორობის კულტურის განვითარებაში საქართველოში", — გური ქოიავა, აქსელის თანადამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ ქსელი ამ ეტაპზე 50-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს.

წევრი ინვესტორებისთვის საინვესტიციო პროექტების გასაცნობად, ქსელი ყოველთვიურად მართავს შეხვედრებს, სადაც 2-3 წინასწარ შერჩეულ ტექნოლოგიურ სტარტაპს იწვევს პრეზენტაციის გასაკეთებლად.

აქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და უკვე უმასპინძლა ორ საერთაშორისო სამიტს. ღონისძიებების ფარგლებში, თბილისს 40-მდე საერთაშორისო ინვესტორი ეწვია ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ნორვეგიის, დანიისა და ფინეთის ანგელოზ ინვესტორების ქსელებიდან. 2021 წლის დეკემბრიდან კი აქსელი ევროპის ბიზნეს ანგელოზების ქსელისა (EBAN) და EBAN-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (EBAN CEE) ქსელის წევრია.

აქსელს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს Grant Thornton Georgia-სთან, რომლის ფარგლებშიც აქსელის პორტფელში შემავალ სტარტაპებსა და ინვესტორებს უფასო საკონსულტაციო და იურიდიულ სერვისებზე მიუწვდებათ ხელი.

ქსელის მეშვეობით ინდივიდუალური და სინდიკატირებული ინვესტიციები უკვე განხორციელდა რამდენიმე წარმატებულ ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპში, რომელთა შორისაცაა Theneo (YC W22). ამ ეტაპზე კი მუშაობა მიმდინარეობს კიდევ ორ სინდიკატირებულ ინვესტიციაზე.

თუ ხართ დაინტერესებული, აქსელს შეუერთდეთ როგორც ანგელოზი ინვესტორი, შეავსეთ ფორმა შემდეგი ბმულის გამოყენებით. თუ ხართ სტარტაპი და გსურთ, ინვესტორების წინაშე გააკეთოთ პრეზენტაცია, შეავსეთ აპლიკაცია.