საშინელებათა ჟანრში ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ფილმის, It-ის, წინაისტორიაზე HBO სერიალს გადაიღებს.

ნაწარმოებში, რომელსაც ამ ეტაპზე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დერიში ჰქვია, მოქმედება 1960-იან წლებში განვითარდება. სიუჟეტურად ის წინ უძღვის სტივენ კინგის რომანის 2017 წელს გამოსულ ეკრანიზაციას. ამასთან, წინაისტორია მოიცავს პენივაიზის წარმომავლობის ამბავსაც.

პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი ენდი მუსკიეტი იქნება, რომელიც It-ის ორივე ფილმის რეჟისორიც გახლავთ. მასთან ერთად იმუშავებენ მისი და, ბარბარა მუსკიეტი, და ჯეისონ ფიუქსი. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, სერიალის სცენარს დაწერს.

It ჰორორის ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის, 1986 წელს გამოსული ბესტსელერად ქცეული რომანის ეკრანიზაციაა. ორივე ფილმმა ჯამში $1,1 მილიარდზე მეტის გამომუშავება შეძლო მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ წიგნის მიხედვით 1990 წელსაც გადაიღეს მინისერიალი, სადაც პენივაიზი ტიმ კარიმ განასახიერა.