Facebook-ის მშობელი კომპანია Meta ახლა მესენჯერში Slack-ის მსგავს შორთქათებს ამატებს. ეს საშუალებას მოგცემთ, მესიჯი უხმოდ გაგზავნოთ, მონიშნოთ ჩატში ყველა, ან სწრაფად მოძებნოთ სასურველი გიფი.

Meta-ის მიხედვით, ორი შორთქათი — @everyone და /silent გუშინ, 29 მარტს გახდა ხელმისაწვდომი. პირველი მათგანი საშუალებას მოგცემთ, ჩატის ყველა წევრი ერთდროულად მონიშნოთ, თუ ყველას ყურადღების მიქცევა გინდათ (თქვენი მეგობრების სახელით გთხოვთ, ეს უკანასკნელი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ). იმ შემთხვევაში, თუ მესიჯის გაგზავნა ჩუმად გინდათ, ისე, რომ ამის შესახებ თქვენს მეგობრებს ხმოვანი შეტყობინება არ მიუვიდეთ, Meta-ის თქმით ამაში /silent დაგეხმარებათ.

მომავალ კვირებში დამატებით რამდენიმე შორთქათს ვიხილავთ. /pay-ის საშუალებით მესენჯერის ჩატიდან თანხის მოთხოვნას და გაგზავნას შეძლებთ. /gif-ს თუ აკრეფთ და რაიმე თემას მიუთითებთ, გიფების შესაბამის პოტენციურ ვერსიებს დაინახავთ. /shrug-ისა და /tableflip-ის აკრეფის შემთხვევაში კი, კლასიკურ ¯\_(ツ)_/¯ და (╯°□°)╯︵ ┻━┻ ემოჯიებს მიიღებთ.