დღეს, 30 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუქტით, 11%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შედეგად, 192 000-მდე მსესხებელს სესხის პროცენტი გაუძვირდა.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეროვნული ბანკის მხრიდან გამკაცრებული მონეტარეული პოლიტიკის გაგრძელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციით არის გამოწვეული.

რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს. როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უწოდებენ — ამ დროს მსესხებლებს აღნიშნულ განაკვეთზე მიბმული კრედიტები უძვირდებათ. შესაბამისად, ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც მცირდება საერთო მოთხოვნა — ეს კი ფასების ზრდას უშლის ხელს.

როგორც უკვე აღინიშნა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად 192 ათასამდე ადამიანს სესხის პროცენტი 0,5 პროცენტული პუნქტით გაუძვირდა. სებ-ის ინფორმაციით, პირველი მარტის მდგომარეობით ცვლადი საპროცენტო განაკვეთით სწორედ 192 ათასამდე სასესხო ხელშეკრულებაა გაფორმებული.

მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13,7% შეადგინა. თებერვალში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 17,3%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 5,61%-იანი წვლილი შეიტანა.

დღეს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იმაზე მიანიშნებს, რომ ეროვნული ბანკი მომდევნო თვეებშიც მაღალ ინფლაციას ელოდება.