არც ისე დიდი ხნის წინ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ტაბუდადებული თემა იყო, ხოლო ასეთი პრობლემების მქონე ადამიანები საჭირო დახმარების ნაცვლად საზოგადოებისგან "გიჟის" იარლიყს იღებდნენ.

საბედნიეროდ, თანამედროვე მსოფლიოში მენტალურ ჯანმრთელობაზე ღიად სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ. მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ინიციატივები თუ საუბრები თანდათანობით ამ საკითხის ირგვლივ არსებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს, შედეგად კი მეტი ადამიანი იღებს საჭირო დახმარებას.

წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, მენტალური ჯანმრთელობის ირგვლივ სტიგმა ჯერ კიდევ არსებობს, რის გამოც ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მისვლა მარტივი გადაწყვეტილება სულაც არაა. ადამიანები დახმარების მიღებას თავს ობიექტური მიზეზების (ფინანსური პრობლემების) გარდა, სუბიექტური მიზეზებითაც არიდებენ: საზოგადოების ნაწილს ფსიქოლოგების არ სჯერა, ზოგი თავს ირწმუნებს, რომ არავის შველა არ სჭირდება, სხვებს კი სჯერათ, რომ დახმარებას არ იმსახურებენ.

ამ სტატიაში იმ "არგუმენტებზე" მოგიყვებით, რომელთაც ფსიქოლოგთან თუ ფსიქიატრთან ვიზიტისგან თავის დასაძვრენად ვიყენებთ და მათ გაბათილებასაც შევეცდები:

1. "ჩემი თავის ფსიქოლოგი მე ვარ"

ფოტო: Chris Pecora / Dribbble

მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ისევე როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, სპეციალისტთან ვიზიტი და შესაბამისი ყურადღება სჭირდება. ფეხის მოტეხვის შემთხვევაში ჩვენგან არავინ ელის იმას, რომ საკუთარ თავს თავად ვუმკურნალებთ. მენტალური ჯანმრთელობა ფიზიკურზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არაა, შესაბამისად, ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან ვიზიტი სასურველი და ხშირად აუცილებელიცაა.

რა თქმა უნდა, ზოგიერთ პრობლემასთან, მაგალითად, შფოთვასთან გამკლავების გზები დამოუკიდებლადაც შეგვიძლია ვიპოვოთ, თუმცა ამისათვის იმაზე მეტი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდება, ვიდრე პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ დაგვჭირდებოდა.

რა მოხდებოდა, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებზეც რომ ისე ვსაუბრობდეთ, როგორც მენტალურზე

2. "სხვები ჩემზე უარესად არიან"

ფოტო: James Oconnell / Dribbble

ყოველი კონკრეტული ადამიანის გამოცდილება და მდგომარეობა განსხვავებულია. საკუთარი თავის სხვებისათვის შედარება ჩვენს მდგომარეობას ობიექტურად ნამდვილად არ ამსუბუქებს. ნაკლებად მძიმე პრობლემა არ ნიშნავს იმას, რომ დახმარებას არ ვიმსახურებთ.

3. "ფსიქოლოგთან მხოლოდ "გიჟები" დადიან"

ფოტო: Dom Guzman

მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამის გამო ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან ვიზიტი "გიჟად" არავის აქცევს. შფოთვის, დეპრესიისა თუ სხვა პრობლემების წინაშე შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დროს აღმოჩნდეს. მსგავსი პრობლემების არსებობა კი "გიჟის" იარლიყით საზოგადოებისგან გარიყვას არ უნდა იწვევდეს.

4. "ფსიქოლოგს ვერ ვენდობი"

ფოტო: Liubov Dronova

ხშირად ადამიანები ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან ვიზიტს თავს იმიტომ არიდებენ, რომ საკუთარი ფიქრებისა და ემოციების მათთვის გაზიარების ეშინიათ. უნდა გვახსოვდეს, რომ სპეციალისტს ჩვენი განსჯის უფლება არ აქვს. მსგავსი არაეთიკური ქმედების შემთხვევაში გამოსავალი ახალი ფსიქოლოგის/ფსიქიატრის პოვნაა. ამასთან, ჩვენს საიდუმლოებებს, ფიქრებსა და ემოციებს კონფიდენციალურობა იცავს, რომლის დარღვევის უფლებაც სპეციალისტს მხოლოდ იშვიათ და აუცილებელ შემთხვევებში აქვს, მაგალითად, მაშინ, როცა პაციენტის ან მესამე პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე.

საკუთარ პრობლემებზე სპეციალისტთან საუბარი იმ მხრივაცაა სასარგებლო, რომ ჩვენს მდგომარეობაზე ობიექტური და პროფესიონალური შეფასებების მოსმენა შეგვიძლია. ჩვენი ფიქრებისა და ემოციების პროფესიონალისთვის გაზიარება საშუალებას გვაძლევს, ყველაფერს სხვა მხრიდან შევხედოთ, შედეგად კი გამოსავლის პოვნაც გვიმარტივდება.

5. "ფსიქოლოგი უბრალოდ მისმენს და ჩემი შველა არ შეუძლია"

ფოტო: Erikas / Dribbble

ისეთი ადამიანის არსებობა, რომელიც ჩვენს პრობლემებს განსჯის გარეშე მოისმენს, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ფსიქოთერაპია მხოლოდ მოსმენით არ შემოიფარგლება. ფსიქოლოგი ჩვენი გრძნობების ხშირად ჩვენთვისვე უცნობი მიზეზების გარკვევასა და მათთან გამკლავების ხერხების ძიებაში გვეხმარება. სპეციალისტები ყოველ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მეთოდს, დავალებასა და ტექნიკას მიმართავენ, რაც, საბოლოოდ, ჩვენი მდგომარეობის მართვაში გვეხმარება.

6. "ჩემს პრობლემებს მეგობრებიც მოუსმენენ"

ფოტო: Alaina Johnson / Dribbble

პრობლემების პირისპირ აღმოჩენისას მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს სპეციალისტისგან დახმარების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი არაა. სასარგებლო რჩევები შესაძლოა მეგობრისგანაც მივიღოთ, თუმცა ჩვენი მდგომარეობის სწორად მართვას შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი უკეთ შეძლებს.

7. "ფსიქოლოგთან/ფსიქიატრთან სიარულის დრო არ მაქვს"

ფოტო: Jerome Damey / Dribbble

სწავლა, სამსახური, ოჯახი, მეგობრები — დღეები თვალის დახამხამებაში გადის, ჩვენი განრიგი კი მუდმივად გადატვირთულია, შესაბამისად რაიმე აქტივობისთვის დროის არქონა გასაკვირი სულაც არაა — თუმცა ეს სპეციალისტან ვიზიტისთვის თავის არიდების გამამართლებელ არგუმენტად არ გამოგვადგება.

ჩვენი მენტალური კეთილდღეობა პირდაპირ აისახება სამსახურსა და სასწავლებელში ჩვენს პროდუქტიულობასა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობებზე. სწორედ ამიტომ კვირაში რამდენიმე საათის საკუთარი ჯანმრთელობისთვის გამოყოფა მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

8. "თავისით გამივლის"

ფოტო: maryanne nguyen / Dribbble

შესაძლოა დროთა განმავლობაში შედარებით მსუბუქი ხასიათის შფოთვასა და დეპრესიას თავი დამოუკიდებლად დავაღწიოთ, თუმცა იმის შესაძლებლობაც არსებობს, რომ ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდეს. სწორედ ამიტომ უმჯობესია, პრობლემის გავლას არ დაველოდოთ და სპეციალისტს მივაკითხოთ, რადგან დახმარებას ნებისმიერი მდგომარეობის დროს ვიმსახურებთ.

მართალია, საკუთარი გრძნობების, ემოციებისა და გამოცდილების უცხო ადამიანისთვის გაზიარება, რთულ თემებზე საუბარი და მტკივნეული მოგონებების ხელახლა გახსენება მარტივი სულაც არაა, თუმცა ფსიქიატრთან თუ ფსიქოლოგთან ვიზიტებით გამოწვეული დადებითი შედეგები და მენტალური კეთილდღეობა საბოლოოდ ყველა ამ სირთულეს გადაწონის.