არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან ქართული ოცნებისა და პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებმა 156 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს თანხა 210 კომპანიასა და 11 ფიზიკურ პირზე განაწილდა.

"1,7 მლრდ ლარის გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან, ქართული ოცნებისა და მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებმა 156 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს. 156 მლნ ლარი 210 კომპანიაზე და 11 ფიზიკურ პირზე ნაწილდება. რომლებმაც 2013-2021 წლებში პირდაპირ ან დაკავშირებული პირების მეშვეობით ქართულ ოცნებას ჯამში 14 მლნ ლარზე მეტი შესწირეს, მათ შორის 5 მლნ ლარამდე პანდემიის დაწყების შემდეგ", — წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით უშუალოდ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების გარეშე, კერძო კომპანიებთან გაფორმებულ შესყიდვებში, სახელისუფლო პარტიის შემომწირველების მიერ მიღებული კონტრაქტების წილი 17%-მდე იყო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა წერს, რომ 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით 1,7 მლრდ ლარამდე ჯამური ღირებულების 21 ათასამდე მსხვილი კონტრაქტი გაფორმდა. მათივე ცნობით პანდემიით გამოწვეულმა ხარჯმა გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებში დაახლოებით 715 მლნ ლარი შეადგინა.

მათი განცხადებით, 1,7 მლრდ ლარიდან 1,2 მლრდ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების და გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით დაიხარჯა.

TI-ის შეფასებით, პანდემიის დროს სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების წილი და შესაბამისად, კორუფციის რისკები გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა — 486 მლნ ლარი ჯანდაცვის სფეროს მომსახურებებზე დაიხარჯა, რაც ძირითადად კოვიდ პაციენტების მკურნალობას მოიცავს. შემდეგ მოდის სამშენებლო სამუშაოების მომსახურების შეძენა 276 მლნ ლარით. ორგანიზაციის ცნობით, სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად და კოვიდ სასტუმროებად დაქირავებაზე დაახლოებით 152 მლნ ლარი დაიხარჯა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გამარტივებულ შესყიდვებში ყველაზე მეტი თანხა — 355 მლნ ლარი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტომ დახარჯა. აღნიშნული სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდ პაციენტების მკურნალობაზე აფორმებს კონტრაქტებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმწოდებლებიდან ყველაზე მეტი თანხა სს ევექსის ჰოსპიტლებმა მიიღო — 44 მლნ ლარი. შემდეგ მოდის შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა — 27 მლნ ლარით.