"თუ მთელ მსოფლიოს ჩვენ ვმართავთ, გაიწიეთ და გვამართინეთ ეს ქვეყანა", — მიმართა ქართული ოცნების წევრებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, რომელიც პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"ქართული ოცნების უკან ნაციონალური მოძრობა დგას — აი, ამას იტყვის ახლა ღარიბაშვილი. მთელი ეს ათწლიანი დანაშაული და წარუმატებელი საქმიანობა, ალბათ, გადაბრალდება ნაციონალურ მოძრაობას და თურმე ჩვენ თქვენ გმართავთ. ვინაიდან მთელს მსოფლიოს ვმართავთ, ხომ? უკრაინას ჩვენ ვმართავთ, ამერიკის კონგრესს ჩვენ ვმართავთ, ევროპარლამენტს ჩვენ ვმართავთ და თუ მთელ მსოფლიოს ჩვენ ვმართავთ, გაიწიეთ და გვამართინეთ ეს ქვეყანა, ნახავთ მერე როგორი იქნება ფასები და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში", — თქვა მან.

28 მარტს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,რომ საწვავზე გაზრდილი ფასების პროტესტის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას. მისი თქმით, ყველა დაინტერესებულია იმით, რომ მოქალაქეებს გაზრდილი ფასებით გამოწვეული წნეხი შეუმსუბუქონ.