2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად უილ სმიტის მიერ კრის როკის სახეში გარტყმა იქცა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ კომიკოსმა და მსახიობმა კრის როკმა უილ სმიტის ცოლის, ჯეიდა პინკეტ სმიტის, გადაპარსულ თმაზე იხუმრა. მართალია, უილ სმიტმა უკვე ბოდიში მოიხადა, მაგრამ ჯეიდა კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება.

ოსკარის დაჯილდოებამდეც ცნობილი იყო, რომ ჯეიდას ავტოიმუნური დარღვევა, ალოპეცია აქვს, რის გამოც თმა გასცვივდა. ჯეიდა ამ ფაქტს არასდროს მალავდა და თავისი პრობლემის შესახებ ტიკტოკის ვიდეოებშიც ხშირად საუბრობდა.

ფოტო: Getty Images

"მე, როგორც შავკანიანი ქალი, ჰოლივუდს ჯერ კიდევ მაშინ შევუერთდი, როცა თმას მაქსიმალურად ევროპული იერი უნდა ჰქონოდა. ეს ჩემთვის რთული იყო, რადგან ხვეული თმა ყოველთვის მომწონდა. თმის გაკეთება ყოველთვის ისე მიწევდა, რომ მისი ბუნებრივი ფორმა არ გამოჩენილიყო. მე კი ისეთი გრძნობა მქონდა, რომ იმ ადამიანს ვთამაშობდი, რომელიც არ ვიყავი.", — ამბობს ჯეიდა.

ჯეიდამ 2018 წელს აღმოაჩინა, რომ თმა ცვიოდა და ამის შესახებ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. "როცა ეს დაიწყო, საშინელება იყო. ერთ დღესაც შხაპის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ხელებსა და სხეულზე უამრავი თმა მქონდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ის მომენტი იყო, როცა შიშისგან ვკანკალებდი. ამიტომაც ვიჭრი თმას და ასე ვაპირებ გაგრძელებას", — განაცხადა მსახიობმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯეიდა თავისი დაავადების შესახებ ინსტაგრამსა და ტიკტოკზე ყოველთვის საუბრობდა და ცდილობდა, რომ ალოპეციასთან ბრძოლა ხშირად იუმორითაც ეჩვენებინა. "საერთოდ არ მაღელვებს, თუ რას ფიქრობს ხალხი ჩემს მელოტ თავზე. იცით რატომ? იმიტომ, რომ ძალიან მომწონს", — ამბობს ჯეიდა.