სატურნი ჩვენი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი პლანეტაა, რომლის სახელის გაგონებაზეც ყველას მისი უზარმაზარი რგოლები გვახსენდება. მათ გარეშე ეს ციური სხეული უბრალოდ წარმოუდგენელია, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ 300 მილიონ წელში ის ისეთი აღარ იქნება, როგორიც ახლაა.

საქმე იმაშია, რომ აირის ეს გიგანტი რგოლებს ნელ-ნელა კარგავს, შორეულ მომავალში კი მათგან სრულად განიძარცვება. ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ ამ შთამბეჭდავი ობიექტის გარშემო შეჯგუფებული ყინულოვანი ნაწილაკების მრავალი წყება მუდმივად არსებობდა, მაგრამ სინამდვილეში ისინი 100 მილიონ წელზე გვიან არ უნდა წარმოქმნილიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სატურნის რგოლები, კოსმოსური მასშტაბებით, ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა. შედარებისთვის, მათ გაჩენას დედამიწაზე დინოზავრების ბინადრობაც კი უსწრებდა.

სატურნის ორბიტაზე 7 მთავარი რგოლია, რომელიც მცირე ზომის ნაწილაკებისგან, შედარებით დიდი ნატეხებისგან და მტვრისგან შედგება. მათ წარმოშობას უმეტესწილად პლანეტის ადრეული თანამგზავრის დაშლას უკავშირებენ, რის შემდეგაც მის ირგვლივ ფრაგმენტების ფენები გაჩნდა.

NASA-ს პროგრამა ვოიაჟერისა და მისია კასინის ფარგლებში ზონდების მიერ შეგროვებული მონაცემების მეშვეობით შევიტყვეთ, რომ ეს რგოლები დროებითი ფენომენია, რადგან მათი შემადგენელი ნაწილაკები, ციური სხეულის მძლავრი მიზიდულობის ძალის გავლენით, ატმოსფეროში ჩაედინება, თანაც საკმაოდ სწრაფი ტემპით. ამ პროცესს რგოლების წვიმას უწოდებენ, რის შედეგადაც, ასობით მილიონ წელში, სატურნი სრულიად სხვაგვარ შესახედაობას შეიძენს.

კარგი ისაა, რომ ჩვენ მთელი მისი დიდებულებით ტკბობა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეგვეძლება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.