თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით მაისიდან ულიმიტო სამგზავრო ბარათების მიბმა საბანკო ბარათზე იქნება შესაძლებელი. კალაძემ განმარტა, რომ კონკრეტულ დეტალებს, როდის და როგორ იქნება შესაძლებელი, საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ.

"მაისიდან უკვე შესაძლებელი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ამ პროგრამის ჩაშვება. და შესაძლებელი იქნება, აბონემენტები მიებას საბანკო ბარათს და მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება. მის საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება ჩაირთოს ნებისმიერი ვადიანი აბონემენტის პროგრამა, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელია", — თქვა კალაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის თითქმის 55 ათასი სხვადასხვა კატეგორიის სამგზავრო ბარათია გაყიდული.

სამგზავრო ბარათები და გადახდის ახალი სისტემა პირველ თებერვალს ამოქმედდა. ერთჯერადად მგზავრობის ღირებულება კი 1 ლარი გახსა.

ულიმიტო ბარათების საფასური მისი გამოყენების პერიოდზეა დამოკიდებული:

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი — 1 ლარი;
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი — 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი — 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი ბარათი — 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი — 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი — 150 ლარი;
  • ულიმიტო 1-წლიანი ბარათი — 250 ლარი.

ბარათების შეძენა თბილისის მეტროს სალაროებში და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებშია შესაძლებელი. რაც შეეხება შეღავათიან მგზავრობას, ეს კვლავ ძალაში რჩება და საფასური ისევ 20 თეთრი იქნება.