აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მისი განცხადება ვარშავაში, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა გადაეყენებინათ ხელისუფლებიდან, ასახავდა მის მორალურ აღშფოთებას და არა ადმინისტრაციის პოლიტიკის ცვლილებას.

"არც მაშინ და არც ახლა არ ვსაუბრობ პოლიტიკის ცვლილებაზე. მე გამოვხატავდი მორალურ აღშფოთებას, რასაც ვგრძნობდი და ბოდიშს არ ვიხდი", — განუცხადა მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში და აღნიშნა, რომ პოლონეთში განცხადების გაკეთებამდე ის ეწვია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად დევნილ ოჯახებს.

"ღვთის გულისთვის, ეს კაცი ვერ დარჩება ხელისუფლებაში", — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.

ამას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინი რუსი ხალხის მიერ არის არჩეული და მისი ძალაუფლებაში ყოფნა ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის.

მოგვიანებით თეთრმა სახლმა უარყო, რომ ბაიდენი განცხადებაში რეჟიმის ცვლილებას გულისხმობდა.