ადამიანის უფლებათა სახლი 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან HRHT-ის ოფისზე თავდასხმის ვიდეოს ასაჯაროებს. მათი განცხადებით, პროკურატურას მათ ოფისზე თავდასხმის საქმეზე ბრალი ჯერ კიდევ არავისთვის წარუდგენია.

"თავდაპირველად, მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ორგანიზაციის შენობაში მყოფ ადამიანებს, შემდეგ კი შენობის ეზოში ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს.
აღნიშნული ქმედებები წარმოადგენდა ერთგვარ შურისძიებას "თბილისი პრაიდის" კვირეულის ორგანიზატორებზე და მათ მხარდამჭერებზე: ლგბტქ+ ადამიანებზე, უფლებადამცველებზე, აქტივისტებზე, ორგანიზაცია "თბილისი პრაიდის", მოძრაობა "სირცხვილიას" და თბილის ადამიანის უფლებათა სახლში მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე.

შემთხვევისთანავე, ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიცია, რომლის დახმარებითაც მოახერხეს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში მყოფმა პირებმა სხვა უსაფრთხო ადგილას გადასვლა.

აღნიშნულმა თავდასხმამ შენობაში მომუშავე ხუთ უფლებადაცვით ორგანიზაციას შეუშალა ხელი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში, მათ თანამშრომლებს კი შეეზღუდათ ადგილის არჩევის და თავისუფლად გადაადგილების უფლება, რამდენადაც ისინი ფაქტობრივად მოძალადე ჯგუფების ალყაში აღმოჩნდნენ", — ამბობენ ორგანიზაციაში.

5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან უმრავლესობა მედიის წარმომადგენელია. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს, აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

5 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადება, რომელმაც თბილისი პრაიდი გააკრიტიკა და თქვა, რომ ღირსების მარში მოსახლეობის უმრავლესობისთვის არის მიუღებელი და "აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე".

"ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას რომ ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი წესები და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენ წესებსა და ტრადიციებს", — აცხადებდა პრემიერმინისტრი.

ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.