2022 წლის ოსკარის ცერემონიას მშვიდად არ ჩაუვლია: კომიკოსმა და მსახიობმა კრის როკმა ოსკარების დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, ჯეიდას ქმარმა კი კრის როკს საპასუხოდ სახეში გაარტყა.

მალევე ლოს ანჯელესის პოლიციამ განაცხადა, რომ კრის როკმა უილ სმიტის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა:

"პირმა, რომელსაც ინციდენტი შეემთხვა, საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა. თუ ის საქმის აღძვრას მოგვიანებით გადაწყვეტს, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტი მზადაა, გამოძიება დაიწყოს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ როკს პოლიციისთვის მიმართვა 6 თვის განმავლობაში შეუძლია. ასეთ შემთხვევაში უილ სმიტს 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთა და $100 000-მდე ჯარიმა ემუქრება.

ინციდენტს განცხადებით ამერიკის კინოაკადემიაც გამოეხმაურა:

"კინოაკადემია ძალადობის არცერთ გამოვლინებას არ ამართლებს. დღეს კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოების გამარჯვებულების წარმატებას აღვნიშნავთ, რომლებიც მთელ მსოფლიოში კოლეგებისა და კინომოყვარულების დაფასება დაიმსახურეს", — ვკითხულობთ მოკლე განცხადებაში.

ჯეიდა პინკეტ სმიტს ავტოიმუნური დარღვევა, ალოპეცია აქვს, რის გამოც თმა გასცვივდა. ხუმრობიდან მალევე უილ სმიტი სცენაზე ავიდა და კრის როკს სახეში გაარტყა: "ჩემი ცოლის სახელი არ ახსენო!" მოგვიანებით უილ სმიტს კაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარის ჯილდო გადაეცა და სამადლობელო სიტყვაში მსახიობმა ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა კინოაკადემიას, მაგრამ არა კრის როკს.

ამავე თემაზე: