ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აქვთ პროგნოზები, რომ ახალი კონტრაქტებით საწვავი ქვეყანაში უფრო იაფად უნდა შემოვიდეს, თუმცა მისივე თქმით, ეს დამოკიდებულია უკრაინაში მიმდინარე ომის მოვლენების განვითარებაზე და გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

"საწვავის ფასი ძალიან დიდი პრობლემა მოსახლეობისთვის და არამხოლოდ მოსახლეობისთვის, არამედ ბიზნესებისთვის, ეკონომიკისთვის, რადგან გვესმის, რომ საწვავი მონაწილეობს სხვადასხვა პროდუქტების ფასწარმოქმნაში, ინფლაციაში დიდი წვლილი აქვს და ასევე ზოგადად კონკურენტუნარიობაში, თუმცა გვესმის ობიექტური გარემოებებიც, რომ საქართველოში არ გაზრდილა საწვავი მხოლოდ და საწვავი გაზრდილია, სამწუხაროდ, ომის მოვლენებიდან გამომდინარე.

ჩვენი მოლოდინია, პროგნოზები გვაქვს, რომ არსებობს ახალი კონტრაქტები, რომლის მიხედითაც [საწვავი] უფრო იაფ ფასში უნდა შემოვიდეს და ამ მოკლევადიან პერსპექტივაში პიკი ალბათ გადავლილია, თუმცა იმდენად არაორდინალური სიტუაციაა გრძელვადიანი პროგნოზის თქმა შეუძლებელია, დამოკიდებულია ომის მოვლენებზე", — თქვა მან.

27 მარტს თბილისში აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეები საწვავის ფასების გაზრდას აპროტესტებდნენ. აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს.