სპეციალისტთა პროგნოზით, კომპანიების Tesla და SpaceX აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი შესაძლოა, 2024 წელს მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს.

"2017 წლის შემდეგ, მასკის ქონება ყოველწლიურად 129%-ით იზრდება, რის გამოც მას აქვს პოტენციალი, რომ სულ რაღაც 2 წელში ტრილიონდოლარიანთა კლუბში შეაბიჯოს, ანუ 2024 წელს, 52 წლის ასაკში, 1.38 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალი დააგროვოს. SpaceX საკმაოდ შემოსავლიანია, რასაც ის სამთავრობო თუ კომერციული კლიენტების ტვირთის კოსმოსში გაშვებით ახერხებს, იქნება ეს სატელიტები, ISS-ის მარაგები თუ ადამიანები", — ვკითხულობთ Tipalti Approve-ზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ იანვარში მასკმა ჯეფ ბეზოსს მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის ტიტული ჩამოართვა, რაც Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსზე აისახა. მაშინ ბიზნესმენის ქონება 188.5 მილიარდი აშშ დოლარი გახლდათ, Amazon-ის დამფუძნებელზე 1.5 მილიარდი აშშ დოლარით მეტი. ეს უკანასკნელი პირველობას 2018 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ინარჩუნებდა.

ამჟამად მასკი, 256 მილიარდი აშშ დოლარით, ისევ მოწინავე ადგილზეა, მეორეზე კი ბეზოსი — 190 მილიარდი აშშ დოლარით.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეული.

ფოტო: Bloomberg

ტრილიონრობის გზას ადგას Adani Group-ის დამფუძნებელი, გაუტამ ადანი, Microsoft-ის თანადამაარსებელი, ბილ გეითსი, თავად ჯეფ ბეზოსი და ჩინური კომპანია ByteDance-ის თანადამფუძნებელი, ჭანგ იმინგი.

ხშირად ამბობენ, რომ მასკი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და მის ხელთ არსებულ თანხას ისევ საკუთარ კომპანიებს ახმარს. შესაძლოა, ამან ბიზნესმენს მართლაც პირველი ტრილიონერის სტატუსი მოუტანოს, რასაც სულ მალე გავიგებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.