უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს უამბო, რა ხდება მარიუპოლში. ჟურნალისტმა ტიხონ ძიადკომ მას ჰკითხა იმ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის შესახებ, რომელიც გამუდმებით ვრცელდება — ვინ აკონტროლებს რეალურად მარიუპოლს და რა სიტუაციაა ახლა იქ.

"რეალობა ასეთია — ქალაქი ბლოკირებულია რუსი ჯარისკაცების მიერ, ბლოკირებულია ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი მარიუპოლიდან, პორტი დანაღმულია, ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა, იმიტომ, რომ ვერ ახერხებენ საკვები პროდუქტების, წამლებისა და წყლის შეტანას. ეს შეუძლებელია.

რუსი სამხედროები ცეცხლს უხსნიან ჰუმანიტარულ ტვირთს, კლავენ მათ მძღოლებს. რა ემართება ამ ტვირთს, ამას ვერ გეტყვით. მათი უმეტესობა უკან დავაბრუნეთ", — აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუს ჯარისკაცებს მოქალაქეები ქალაქიდან იძულებით გაჰყავს. მისი თქმით, მათ უკვე 2 000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს, თუმცა მათი ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.

"საერთო ჯამში ეს კატასტროფაა. მე არ შემიძლია გადმოვცე, როგორ გამოიყურება იქ ყველაფერი. ეს საშიშია, ისინი აკავებენ იქ ხალხს, როგორც სულებს, რომელიც უნდა გაცვალონ. არ არსებობს კულტურული სიტყვები, მხოლოდ ემოციური ასოები მომდის გონებაში, სამწუხაროდ. მაგრამ რადგან ჩვენ გულწრფელები ვართ და პრინციპში, მე ყოველთვის ვცდილობ, რომ გულწრფელი ვიყო...

ჩვენი ჯარები ქალაქის შიგნით არიან, ეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საინფორმაციო ქაოსი. იმიტომ, რომ შიგნით, სადაც მათ შეუძლიათ შესვლა, ისინი შევიდნენ, რუსული ჯარები. მაგრამ ქალაქის რაღაც ნაწილში ვერ შევიდნენ, იმიტომ, რომ ჩვენი ბიჭები იქ რჩებიან და უარი თქვეს დატოვების შესახებ მათ მოწოდებებზე", — აღნიშნა მან.

ზელენსკის თქმით, ყოველთვის ცდილობს, რომ სამხედროებთან კავშირზე იყოს და ორ დღეში ერთხელ მაინც ესაუბროს მათ. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამისთვის დრო გამონახოს.

"მე მათ ვეუბნები, რომ ყველაფერი მესმის, ბიჭებო, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ და თუ თქვენ გჭირდებათ იქ ყოფნა და თქვენ გრძნობთ, რომ ეს სწორია და თქვენ შეგიძლიათ გადარჩეთ, მაშინ გააკეთეთ ეს. მე მესმის, როგორ გამოიყურება ეს სამხედროსთვის. მათ მითხრეს, რომ... მაგრამ მე მათ მივეცი არჩევანის უფლება.

მათ მითხრეს, "ჩვენ არ შეგვიძლია [დავტოვოთ ქალაქი], აქ დაჭრილი ადამიანები არიან, ჩვენ არ დავტოვებთ დაჭრილებს". მეტიც, მათ მითხრეს "ჩვენ არ მივატოვებთ მოკლულებს". თქვენ რომ გაიგოთ, ქალაქში, ქუჩებში ყრია გარდაცვლილთა ცხედრები ტროტუარებზე, უბრალოდ ყრია ცხედრები — მათ არავინ არ იღებს — რუსი ჯარისკაცებისა და უკრაინის მოქალაქეების. ყველას", — განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვერ პოულობს შესაფერის სიტყვებს მარიუპოლში სიტუაციის აღსაწერად, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელი სამხედროები ქალაქის დატოვებას არ აპირებენ — არ აპირებენ დატოვონ დაჭრილები და ცხედრები, რომლებსაც ვერ ასაფლავებენ.

"ეს ძალიან საშინლად გამოიყურება, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცები არ არიან მზად დატოვონ, თუნდაც, გარდაცვლილები, მათ შორის, რუსი სამხედროები. გამოვიდნენ, მაპატიეთ არ მინდა ასე ვთქვა.. სადღაც დაასაფლავონ, როგორც ნაგავი — ისინი ამისთვის მზად არ არიან. არა მხოლოდ ოფიცრები, არამედ არავინ. ამიტომ ისინი იცავენ ქალაქს, იცავენ დაჭრილებს, იცავენ გარდაცვლილებს, რომელთა დასაფლავებაც არ შეუძლიათ", — აღნიშნა მან.

ზელენსკის ინტერვიუ ჰქონდა რუსული დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიების ჟურნალისტებთან, რომლებსაც კრემლი დევნის. ინტერვიუს დაანონსების შემდეგ, როსკომანდზორმა წინასწარ მოითხოვა მედიებისგან, რომ ის არ გამოექვეყნებინათ.

ინტერვიუ ჩაწერეს Meduza-ს მთავარმა რედაქტორმა, ივან კოლპაკოვმა, ტელეკომპანია დოჟდის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ, ჟურნალისტმა და მწერალმა, მიხაილ ზიგარმა (მან ასევე დაუსვა ზელენსკის ერთი შეკითხვა Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორისა და ნობელის პრემიის ლაურეატის დიმიტრი მურატოვისგან) და კომერსანტის სპეციალურმა კორესპონდენტმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში