უკრაინის მეექვსე პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ცხოვრებასა და კარიერაზე დაწერილი წიგნი, ზელენსკი უგრიმოდ (Зеленський без гриму) ქართულად ითარგმნება. ბიოგრაფიულ წიგნს გამომცემლობა სიესტა გამოსცემს.

წიგნის ავტორი უკრაინელი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, სერჰი რუდენკოა. მას აგრეთვე დაწერილი აქვს დოკუმენტური წიგნები ვიკტორ იუშჩენკოსა და იულია ტიმოშენკოს შესახებ.

რუდენკოს თქმით, ზელენსკი უგრიმოდ "გაფრთხილებაა უკრაინელებისთვის, რათა არჩევნებში დაშვებული შეცდომები არ გაიმეორონ", უშუალოდ ტექსტში კი უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის კარიერული გზა "თითქმის ხელშეუხებლად" არის აღწერილი.

"ეს არის ისტორია 2019-ში შემდგარი ტრიუმფისა და იმ ბევრი მარცხისა, რაც პოლიტიკის ოლიმპმა გამოიარა", — აცხადებს რუდენკო.

ავტორი გვარწმუნებს, რომ დოკუმენტურ ტექსტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად მუშაობდა, შესაბამისად, წიგნში "ზელენსკის ქება-დიდებას ვერ შეხვდებით".

2021 წელს გამოცემული ბიოგრაფია ვოლოდიმირ ზელენსკის ცხოვრებიდან 35 ეპიზოდის შესახებ "გულწრფელად მოგვითხრობს".

ბიოგრაფიის ქართული გამომცემლის, სიესტას განცხადებით, "ესაა წიგნი ადამიანზე, რომელმაც რუსი დიქტატორის, ვლადიმირ პუტინის გამოწვევა მიიღო და ამ რთულ დროს უკრაინის სახელმწიფოს მეთაური გახდა.

"ალბათ, სიმბოლურია, რომ ხელშეკრულება წიგნის გამოცემის შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, 24 მარტს გავაფორმეთ", — წერს გამომცემლობა, — "ომის პირველივე დღიდან სიესტა მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს და არ კარგავს იმედს, რომ ეს ომი სულ მალე მისივე გამარჯვებით დასრულდება".

ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურმა ფიგურამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაერთი ადამიანის ყურადღება მიიქცია. უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც თავის ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შექმნილ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში ხელმძღვანელობს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად რიგითი მოქალაქეების აღფრთოვანებაც დაიმსახურა.