უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების არამკაფიო და გაურკვეველი პოზიცია ეჭვს იწვევს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ შეესაბამება იმას, რასაც გრძნობენ ქართველები.

"ჩემთვის პირადად, საქართველო გახლავთ ძალიან ახლობელი ქვეყანა, მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ძალიან კარგად ვიცნობ თქვენს ქვეყანას. ეს ურთიერთობა, ეს კავშირი არ არის მხოლოდ ჩემი პირადი, თბილი, მეგობრული ურთიერთობა ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის იყო ყოველთვის. ყოველთვის ყველა სიხარულით მიდის ერთმანეთთან. მე ძალიან კარგად მახსოვს ერთ-ერთი საკვანძო მომენტი ჩვენი ნარინჯისფერი რევოლუციისა, როდესაც დიდებულმა ნანი ბრეგვაძემ იმღერა მაიდანზე თბილისო და მე პატივი მაქვს ვიცნობდე მას პირადად. როდესაც ის ჩამოდის, სტუმრობს ჩემს მშობლებსაც.

მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია, ვიფქრობ, რომ არ შეესაბამება იმას, რასაც გრძნობენ უბრალო ქართველები. მე მუდმივად ვესაუბრები ჩემს ქართველ მეგობრებს, ვიცი რამდენი ქართველი იღებს მონაწილეობას, უშუალოდ იცავს უკრაინას, არიან გმირები, რომლებიც სამწუხაროდ, დაიღუპნენ. რა თქმა უნდა, ისინი აქ იცავდნენ არამხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოს. მე მყავს აქ მეგობრები, რომელთა შვილებიც, ქართველები დღეს დგანან წინა ხაზზე. ვფიქრობ, რომ ეს გაურკვეველი, არამკაფიო პოზიცია საქართველოს ხელისუფლებისა უპირობოდ იწვევს ეჭვს", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში