azcentral-ის ცნობით, მასაჩუსეტსის ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Seres Therapeutics ბაქტერია კლოსტრიდიუმ დიფიცილეს სამკურნალო საშუალების შექმნა განიზრახა, ამისათვის კი ადამიანის დიდი რაოდენობით ექსკრემენტი, ანუ განავალია საჭირო.

"თუკი 18-50 წლის ჯანმრთელი ზრდასრული ხართ, შესაძლოა, საკუთარი ექსკრემენტების სანაცვლოდ თვეში 1500-მდე დოლარის (შესაძლოა, კომპენსაციის ოდენობა ქალაქებს შორის განსხვავებული იყოს) შოვნა მოახერხოთ. ამას გარდა, თქვენი ჩართულობით შეიძლება კუჭ-ნაწლავის ინფექციებისა და დაავადებების კუთხით წინსვლასაც შეუწყოთ ხელი, რაც დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება", — ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე.

ინიციატივას GoodNature ეწოდება და ჯანმრთელ ადამიანებს ეძებს, რომელთაც ნორმალური წონა და კუჭის მოქმედება აქვთ. ისინი არ უნდა ეწეოდნენ, არ უნდა იყვნენ ფეხმძიმედ, არ უნდა ჰქონდეთ კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკების ბოროტად მოხმარების ისტორია.

ასევე იხილეთ: კორეული ტუალეტი ექსკრემენტების სანაცვლოდ სტუდენტებს ფულს უხდის

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 150 სავარაუდო დონორი უკვე მოაგროვეს. შერჩეულთ რამდენიმე სკრინინგს ჩაუტარებენ იმაში დასარწმუნებლად, რომ მათი მიკრობიომი კომპანიისათვის საჭირო ბაქტერიას შეიცავს. ფირმა წამოწყებისათვის რეგულარულ დონორებს ეძებს.

Seres Therapeutics ადამიანის ექსკრემენტებს იკვლევს, შემდეგ კი კლოსტრიდიუმ დიფიცილეს სამკურნალოდ ორალური მიკრობიომის მედიკამენტს ქმნის. ამისათვის კომპანია განავალში აღმოჩენილ ჯანმრთელ ბაქტერიას იყენებს. მას შეუძლია, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დარჩეს და ამგვარი ინფექციების ხელახალი გამოჩენა აგვარიდოს თავიდან.

დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრს თუ დავეყრდნობით, ზემოხსენებული ბაქტერია აშშ-ში წლიურად ნახევარ მილიონ დაავადებას იწვევს. იგი სიკვდილის დაახლოებით 30 ათას შემთხვევაზეა პასუხისმგებელი.

კომპანია ამჟამად აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) სამკურნალო მეთოდის დამტკიცებას ელის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.