საფარის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 21 მარტს კაცს, რომელიც ცოლზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით 1 500-ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც დაზარალებულის ადვოკატი, თამარ ლუკავა On.ge-სთან განმარტავს, იყო ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი, მათ შორის, იყო შემთხვევა, როდესაც მან ცოლს ფეხის არეში დანით დაზიანებები მიაყენა.

"იყო ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი, მათ შორის არის ერთ-ერთი ფაქტი, როდესაც ფეხის არეში დაზიანებები მიაყენა დანის საშუალებით. დაუსერა ფეხები და ეს დაზიანებები ისეთი მძიმე ხარისხის იყო თავის დროზე, რომ რამდენიმე თვის შემდგომ, როდესაც ჩაუტარდა ექსპერტიზა, მაშინაც კი ემჩნეოდა სხეულზე დაზიანებები", — ამბობს ლუკავა.

მისივე თქმით, დაზარალებულმა საფარს გასული წლის დეკემბერში მიმართა, მანამდე კი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.

"დეკემბრის თვეში მოგვმართა დაზარალებულმა და გვითხრა, რომ ზაფხულის შემდეგ დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მისი მეუღლის მხრიდან იყო ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და სურდა დახმარება. ჩვენთან კონსულტაციის შემდეგ მიმართა პოლიციას და დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და გოგო დაზარალებულად იქნა ცნობილი. ადგილი ჰქონდა არამხოლოდ ერთხელ ჩადენილ დანაშაულს, არამედ სახეზე გვაქვს რამდენიმე ეპიზოდი ფიზიკური ძალადობის, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობა იყო ინტენსიური ხასიათის, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში და საკმაოდ მძიმე ფორმით", — აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართეს და ითხოვენ, რომ აღკვეთის ღონისძიები სახე — გირაო პატიმრობით შეცვალონ, რადგან ეს სახე არაა რელევანტური დანაშაულთან მიმართებით.

"მას შემდეგ, რაც მსხვერპლი დაზარალებულად იქნა ცნობილი, პროკურორის მიერ საქმე გადაგზავნილ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რათა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ყოფილიყო ბრალდებულისთვის კონკრეტული სახე, პატიმრობა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის ეს მოთხოვნა და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს შეუფარდა 1 500-ლარიანი გირაო, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით.

ჩვენი მთავარი მიმართვა ახლა არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსადმი. მიმართვა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვითხოვთ, აღკვეთის ღონისძიების სახე — გირაო შეცვლილი იყოს პატიმრობით, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ აღკვეთის ღონისძიების რა სახეც გამოიყენა ბათუმის საქალაქო სასამართლომ, არ არის რელევანტური იმ დანაშაულთან და იმ ფაქტებთან მიმართებაში, რომლებიც დაზარალებულის მიმართ არის ჩადენილი. ასევე, არ არის შემბოჭავი იმისა, რომ ბრალდებული მომავალში არ ჩაიდენს ანაშაულს ან არ განახორციელებს ზემოქმედებას მოწმეებზე და არ გაანადგურებს მტკიცებულებებს. ასევე, ეს გირაო არ არის შემბოჭავი იმ მიმართულებით, რომ სავარაუდოდ, დამნაშავე პირი მიმალვას არ შეეცდება", — ამბობს ის.

ადვოკატის ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.