როცა ჭა ცარიელია, წყლის ფასს მაშინ ვიგებთ", — ბენჯამინ ფრანკლინი

დღესდღეობით უკვე არავისთვისაა სიახლე, რომ მსოფლიოში კლიმატის ცვლილება მიმდინარეობს, თან, რაც ყველაზე საგანგაშოა, ტემპი წლიდან წლამდე უფრო და უფრო ჩქარდება. ბოლო დროს, გლობალურ დათბობასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე უამრავი მეცნიერი და გარემოსდამცველი ალაპარაკდა. ამ საკითხმა მოიცვა ხელოვნებაც, მათ შორის კინემატოგრაფია. გავიხსენოთ მხატვრული ფილმი Don’t look up, რომელშიც დედამიწისკენ მომავალი კომეტა სწორედ კლიმატის კრიზისის მეტაფორად გვევლინება, ხოლო მას ხელისუფლებისა თუ საზოგადოების უმოქმედობა უპირისპირდება. სამწუხაროდ, აღნიშნული კინოსურათი რეალობას ზედმიწევნით ასახავს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უნიკალური ეკოსისტემებისა და საკუთარი თავის გადასარჩენად დიდი დრო არ დაგვრჩა.

ეს იმ პირობებში, როცა ჩვენს პლანეტაზე ტემპერატურა სულ უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს, ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია რეკორდული სისწრაფით იზრდება, ცხოველთა გადაშენებული ან გადაშენების ზღვარზე მყოფი სახეობების რიცხვი იმატებს, შეინიშნება სასმელი წყლისა თუ მოსავლის ნაკლებობა, ლღვება ყინულის საფარი, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს გაუსაძლისი სითბური ტალღები ატყდება თავს, აქტიურად მიმდინარეობს გაუტყეურება და ა.შ.

ჩამონათვალი გრძელია და მის მიღმა ადამიანი დგას, რომელიც სამრეწველო საქმიანობითა თუ სხვა აქტივობებით კლიმატის ცვლილებას იწვევს და ამწვავებს. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ შესაძლოა, მალე ამ პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღოს, ამიტომ მის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადავდგათ.

ამისთვის საჭიროა გავიაზროთ, რომ ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც ყველას გვეკისრება. გამონაკლისი არც საქართველო და მისი მოსახლეობაა, რადგან გლობალური დათბობა ჩვენზეც ახდენს გავლენას.

ფოტო: Getty Images

კლიმატის ცვლილება და საქართველო

საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონში 2020 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ კვლევაში მონაწილეთა 97.6%-ისთვის კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობილი იყო, 91.35%-ს კი ეს რეალურ პროცესად მიაჩნდა. მათ ნახევარზე მეტის აზრით, კლიმატის ცვლილება კაცობრიობისთვის ტერორიზმსა და შეიარაღებულ კონფლიქტებზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად იაზრებს, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ. ამის მიუხედავად, გამოკითხულთა 36.19%-ს ჰგონია, რომ მათ დასაძლევად ვერაფერს მოიმოქმედებს. სინამდვილეში, ეს ასე სულაც არაა. თუმცა, სანამ აღნიშნულ საკითხზე ვისაუბრებთ, საინტერესოა გავიგოთ, როგორ აისახება გლობალური დათბობა საქართველოზე.

ზოგადად, ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ კავკასიის რეგიონში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს, ყინული სწრაფად ლღვება. კერძოდ, დიდი კავკასიონის მყინვარების მოცულობის შემცირების ტემპი 2000-დან 2020 წლამდე 4-ჯერ დაჩქარდა, ვიდრე 1911-1960 წლებში, 1960-1986 წლებთან შედარებით კი — 3-ჯერ. ასევე, ბოლო 2 დეკადაში ჯამში 11 მილიარდი ტონა წყლის ეკვივალენტური ყინულის მასა დაიკარგა, რის შედეგადაც მყინვარების არეალი 320კმ2-ით დაპატარავდა.

რა საჭიროა სახლი, თუკი არ გაქვს საცხოვრებლად ვარგისი პლანეტა, რომელშიც მას ჩადგამ", — ჰენრი დევიდ თორო

ეს ყველაფერი ზაფხულში სიცხის მატებით, ხოლო ზამთარში ატმოსფერული ნალექის შემცირებითაა გამოწვეული. მაგალითად, დიდი კავკასიონის მთიან რეგიონში ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 2000-დან 2020 წლამდე 0.6°C-ით გაიზარდა. მსგავსი ტენდენცია კარგს არაფერს მოგვიტანს, რადგან იქიდან მომავალი წყალი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ეკოსისტემისთვისა და ელექტროენერგიის გამომუშავების მხრივაც ძალზე მნიშვნელოვანია.

არანაკლებ საგანგაშოა გაუტყეურების პროცესიც. ვებაპლიკაცია Global Forest Watch-ის თანახმად, მხოლოდ თბილისში 2010-დან 2020 წლამდე 14 ჰექტარ ფართობზე არსებული მწვანე საფარი განადგურდა, რაც ამ საუკუნის პირველ 2 დეკადაში 0.83%-იან დანაკარგს უდრის. იმავე პერიოდში, საქართველოს დედაქალაქში გაუტყეურების შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობამ წელიწადში 176 ტონა შეადგინა, ტყის მიერ შთანთქმულმა კი —13.5 კილოტონა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ყოველწლიურად -13.3 კილოტონა ნახშირბადი მიმოიცვლებოდა.

ასევე, იხილეთ: მსოფლიო ყინულს კარგავს, კავკასიონი გამონაკლისი არ არის — ინტერვიუ ლევან ტიელიძესთან

შეგახსენებთ, რომ მცენარეები დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს შთანთქავს, რაც მის ატმოსფეროში დაგროვებას ხელს უშლის. შესაბამისად, ტყის საფარის განადგურება ჰაერში მავნე ნივთიერებების მეტ კონცენტრაციას განაპირობებს, ეს კი გლობალურ დათბობას აუარესებს და მისი შედეგები ისევ ჩვენ გვიბრუნდება.

იგივე სიტუაციაა ჭალის ტყეების შემთხვევაშიც, რომლებიც კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებულად მოწყვლადია. მათ გარეშე წარმოუდგენელია მდინარეთა კალაპოტების მდგრადობა, რადგან ამგვარი ფაუნა ნაპირების ჩამოშლასა და ეროზიას ეწინააღმდეგება. ასევე, ადგილობრივ მიკროკლიმატზე დადებითად მოქმედებს და ზრდის მოსავლიანობას. მაგალითად, ალაზნის ჭალების ფართობის შემცირებისა და ხარისხის დაცემის გამო, ნაპირები ირღვევა, ფიქსირდება სავარგულების წალეკვის ფაქტები და ა.შ.

საბოლოო ჯამში, საფრთხე ექმნება სოფლის მეურნეობასაც, რადგან ზემოხსენებული პრობლემებიდან გამომდინარე, ზიანდება სახნავი მიწები და საძოვრები. ამ მხრივ მოწინავე კახეთის რეგიონი უკვე გაუდაბნოების რისკის ქვეშაა. საქმე იმაშია, რომ იქ ტემპერატურა ყოველ ზაფხულს იმატებს, გახშირებულია გვალვები, ხოლო ზამთარში ნალექის ნაკლებობა შეიმჩნევა. ეს უარყოფითად აისახება ეკონომიკაზეც, ამიტომ შესაბამისი ღონისძიებების გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ფოტო: r2.community

რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს

2015 წელს საფრანგეთში დამტკიცდა პარიზის შეთანხმება, რომელიც დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის 1.5°C-მდე შეზღუდვას ითვალისწინებს. მას მრავალმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, მათ შორის საქართველომაც. ეს მიუთითებს, რომ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად სახელმწიფოები უკვე მზად არიან. საინტერესოა, კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, პირველ რიგში, ხელისუფლებას.

ასევე, იხილეთ: ყველაფერი, რაც პარიზის კლიმატის შეთანხმებაზე უნდა იცოდეთ

ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ეკოსისტემების დაცვა და აღდგენაა. ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ მცენარეული საფარი ისევე, როგორც მდინარეები და ჭაობები, ნახშირორჟანგს შთანთქავს, ამიტომ აუცილებელია, მათი დაბინძურება და განადგურება თავიდან ავირიდოთ. უნდა გაკონტროლდეს ხეების უკანონო ჭრა, გამწვანდეს მეტი ტერიტორია, მშრალ ადგილებში (რომლებიც კახეთში მრავლად გვხდება) განთავსდეს საირიგაციო სისტემები, რაც დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს. ასევე, ნიადაგის შეკავების მიზნით, დაირგოს ძლიერი ფესვების მქონე მცენარეები, მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად კი ისეთი სახეობები გაშენდეს, რომლებიც ნაკლები ნალექის პირობებშიც ადვილად გაიხარებს.

მეცნიერთა რეკომენდაციით, სასურველია, რომ ჭალები ბუნებრივად აღდგეს და ყურადღება ენდემურ ხეებზე გამახვილდეს, თუმცა განიხილება ხელოვნური ჩარევაც. უნდა მოშორდეს ინვაზიური მცენარეები, აიკრძალოს საქონლის ძოვება ისეთ ადგილებში, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და გადაიბელოს ნაპირებზე არსებული დიდი ზომის ხეების ტოტები, რომლებიც მდინარისკენ არის გადახრილი.

ჩვენ ახლა ისტორიაში ყველაზე საშიშ ექსპერიმენტს ვახორციელებთ, რათა გავიგოთ, რამდენ ნახშირორჟანს აიტანს ატმოსფერო უდიდეს ბუნებრივ კატასტროფამდე", — ილონ მასკი

შემდეგი პუნქტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მცირე მწარმოებელთა ხელშეწყობაა. ზოგადად, ხორცის ინდუსტრია სათბურის აირების ემისიით გამოირჩევა, ბევრ წყალს მოიხმარს, ფართო ტერიტორიას იყენებს, მარცვლეულის მოსავლის უმეტესობით კი ისევ და ისევ ფერმის ცხოველებს აპურებენ. ამიტომ ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა, რომლებსაც ხილი ან ბოსტნეული მოჰყავთ და გარემოს ზიანს არ აყენებენ, აუცილებელია.

ასევე, იხილეთ: როგორ აპირებენ საქართველოში თერმული წყლის მარაგების გამოყენებას

მესამე პუნქტი სუფთა ენერგიაზე გადასვლაა, რადგან ენერგიის ტრადიციული ტექნოლოგიით გამომუშავებას ჭარბი ემისია ახლავს თან. ის შეიძლება ალტერნატიული წყაროებიდან მივიღოთ, როგორიცაა მზის, ქარის, გეოთერმული ელექტროსადგურები, ხოლო მომავალში — თერმობირთვული სინთეზის რეაქტორები.

ბოლოს უნდა ვახსენოთ მავნე ნივთიერებები, რომლებიც ატმოსფეროში ნახშირორჟანგზე ცოტა ხანს ნარჩუნდება, თუმცა გლობალურ დათბობაში თავისი წვლილი მაინც შეაქვს. ასეთია ჭვარტლი, მეთანი, ოზონი და ჰიდროფტორნახშირბადის ტიპის ნაერთები, რომლებიც ე.წ. მაცივარ აგენტებში გვხვდება. სწორი და მკაცრი რეგულაციების გატარებითა და მწვანე პოლიტიკის შემოღებით, მათგან ჰაერის გაწმენდაა შესაძლებელი, რაც ადამიანთა ჯანმრთელობაზეც დადებით გავლენას იქონიებს.

ფოტო: roadrunnerwm

არანაკლები ბერკეტი აქვთ კომპანიებსა და დიდ კორპორაციებს, რომლებიც გარემოს დაბინძურებაში საკუთარ როლს ასრულებენ. გრძელვადიანი გეგმების დასახვის მსურველებმა, უპირველესად, უნდა გამოთვალონ მათი საქმიანობისას გამოყოფილი სათბურის აირების რაოდენობა და გაანალიზონ, რაზე მოდის უმეტესი წილი. არსებობს სააგენტოები, რომლებიც მათ ამაში დაეხმარება. მომდევნო ეტაპზე, უკვე ემისიების შემცირების ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავებაა შესაძლებელი.

წინ გადადგმული ნაბიჯია ენერგიის მოხმარების შემცირება და სუფთა ენერგიაზე გადასვლა. საწყის ეტაპზე, საკმარისია, ოფისებსა და ბიზნესობიექტებზე ისეთი მოწყობილობების ფუნქციონირება შეიზღუდოს, რომლებიც დიდძალ სითბოს გამოყოფს. მაგალითად, ტრადიციული ლაზერული პრინტერი ალტერნატიული ტექნოლოგიით ჩანაცვლდეს. შედარებისთვის, მხოლოდ ამ მარტივი ცვლილებით ევროპაში წელიწადში 800 000 ელექტრომობილის დასატენად საჭირო ენერგია დაიზოგება და 410 მილიონი კილოგრამით ნაკლები CO2 გამოთავისუფლდება.

სწორად უნდა შეირჩეს მომწოდებლები და პარტნიორები, რათა მწვანე პოლიტიკის მქონე ჯაჭვი შეიქმნას, რომელშიც თითოეული მხარის მთავარი ამოცანა ეკომეგობრულობა იქნება. ამგვარად ამაღლდება დასაქმებულთა ცნობიერებაც, გარკვეული ბიძგით კი მათში სასარგებლო ჩვევების დანერგვაცაა შესაძლებელი, რომ სამუშაო სივრცეში და მის გარეთაც გარემოზე იზრუნონ. ამ ყველაფერში შედის თანამშრომლებისთვის გადასაყვანად ელექტროძრავიანი ტრანსპორტის დაქირავება, საოფისე ინვენტარის, ინფრასტრუქტურისა და დანადგარების ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისობა, ინდუსტრიული თუ სხვა სახის ნარჩენების დაგროვებისგან თავის მაქსიმალურად არიდება და ა.შ.

რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს

წინსვლა სწორედ პატარა ნაბიჯებით იწყება, ამიტომ გარემოს სიჯანსაღის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ყველა ადამიანმა უნდა აიღოს. შესაძლოა, ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს, რომ ჩვენ, ცალკეულ ინდივიდებს, გლობალურ დათბობასთან ბრძოლისთვის საკმარისი ძალა არ შეგვწევს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამდენიმე ძირითადი ჩვევის გამომუშავებით, სიტუაციის გაუმჯობესება სრულიად რეალური პერსპექტივაა.

იფიქრეთ ტრანსპორტის შეცვლაზე. ავტომობილის მაგივრად, გადაადგილდით ფეხით, ველოსიპედით ან სკუტერით და უარი თქვით თვითმფრინავით მგზავრობაზე (შეძლებისდაგვარად). პანდემიამ გვასწავლა, რომ საქმიანი ვიზიტების ციფრულ სივრცეში გადატანა პრობლემას არ წარმოადგენს, ასე რომ საზღვარგარეთ მივლინებების ნაცვლად, ეცადეთ, შეხვედრებს ონლაინ დაესწროთ.

ფოტო: imperial

როგორც აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, ენერგიის დაზოგვა ან მისი ალტერნატიული წყაროთი ჩანაცვლება უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ მიზნის მისაღწევად, იყიდეთ ენერგოეფექტიანი დიოდური ნათურები, დაუწიეთ გამათბობელს, როცა ძალიან არ ცივა, ჩააქრეთ სინათლე, როცა არ გჭირდებათ, ჩამრთველიდან დროულად გამოაერთეთ უკვე დატენილი მოწყობილობები, ნუ ადენთ წყალს, თუკი ის იმ მომენტში არ გჭირდებათ და სწრაფად მიიღეთ შხაპი.

მიირთვით ნაკლები ხორცი და რძის პროდუქტი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი რაციონიდან სრულად უნდა ამოიღოთ და ხელის ერთი მოსმით ვეგეტარიანელი გახდეთ. საქმე იმაშია, რომ ხორცის ინდუსტრია კლიმატის ცვლილების პროცესს საგრძნობლად ამწვავებს, ამიტომ მეტი ხილისა და ბოსტნეულის მიღება გარემოსთვისაც და თქვენთვისაც სასარგებლო იქნება. ცხოველური საკვების განახევრებით, თქვენი არაპირდაპირი ემისიები 40%-ზე მეტით შეიკვეცება.

ფოტო: r2.community

დარგეთ ხეები და გაუფრთხილდით მწვანე სივრცეს. თუ ურბანულ არეალში ცხოვრობთ, ეს ორმაგად აუცილებელია, რადგან ქალაქებში ჰაერი მეტადაა დაბინძურებული. იქაური მცენარეული საფარი კი ამდენ მავნე ნივთიერებას ვერ შთანთქავს. თუ ხეების დარგვას ვერ ახერხებთ, ყვავილები იქონიეთ და ისინი ოთახებში, ფანჯრის რაფაზე ან აივანზე მოათავსეთ. არ დაანაგვიანოთ პარკები და ბაღები, ხოლო ტყეში ყოფნისას დარწმუნდით, რომ კოცონი ნამდვილად ჩამქრალია, რათა ხანძრის საშიშროება გამორიცხოთ.

დაბოლოს, აიმაღლეთ ხმა. თუნდაც პრობლემის წამოჭრა და მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თუ ახლობლებთან ამაზე საუბარი უკვე მოქმედებაა. დამატებითი აქტივობებისთვის შეგიძლიათ ადგილობრივ გარემოსდამცველებს შეუერთდეთ და უკეთესი მომავლისთვის მათთან ერთად იბრძოლოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი, როგორც მოქალაქის როლი გადამწყვეტია, ამიტომ ძალისხმევა არ დაიშუროთ, რათა მთავრობამდე ან ნებისმიერ პასუხისმგებელ პირამდე/ორგანიზაციამდე სათქმელი მიიტანოთ.

ცვლილებების დროა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.