პანდემიის პერიოდში თამაშების მნიშვნელობა გადავაფასეთ. მაშინ, როცა თაროზე ბოლო წიგნიც ჩავამთავრეთ და საყურებელი ფილმების სიაც ამოვწურეთ, იმაზე დავფიქრდით, კიდევ როგორ შეიძლებოდა, იზოლაციაში აღმოჩენილებს თავი შეგვექცია. აი, მაშინ რომ დამნაშავის ლოგიკა გვქონოდა, ეჭვგარეშეა, ჩვენი კარანტინობა უფრო მხიარულად და საინტერესოდ ჩაივლიდა.

დამნაშავის ლოგიკა ახალი ქართული თამაშია, რომელიც რამდენიმე სტუდენტმა სულ ცოტა ხნის წინ შექმნა. ეს არც მონოპოლიის ქართული ვარიანტია და არც ნარდის გაუმჯობესებული ვერსია — საკითხი, არც მეტი, არც ნაკლები, კრიმინალური საქმის გამოძიებას ეხება.

ეს ხომ ელემენტარულია, უოტსონ!

ფოტო: დამნაშავის ლოგიკა / Facebook

დეტექტიური საქაღალდით წარმოდგენილი საქმე ინდივიდუალური მოთამაშეებისთვისაა განკუთვნილი. აქ ყველაფერია, რაც ნამდვილ შერლოკ ჰოლმსს სჭირდება — ჩვენებები, გამოკითხვის ოქმები, სატელეფონო ზარების ჩანაწერები, ფოტოსურათები, თითის ანაბეჭდები და სხვა! ამ ყველაფრის გამოყენება — წაკითხვა და გაანალიზება — დამნაშავის საპოვნელად დაგჭირდებათ. მოკლედ, ბევრი ასე ალბათ ბავშვობის ოცნებასაც ავისრულებთ — იმ დროის, როცა კალე ბლუმკვისტის კითხვისას კალებლუმკვისტობა გვინდოდა.

"სიუჟეტიდან დაწყებული, დოკუმენტებითა თუ მათში არსებული ინფორმაციით დამთავრებული, ყველაფერი არის ჩვენ მიერ გამოგონილი, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მიმსგავსებულია რეალობას", — ამბობს თამაშის ერთ-ერთი შემქმნელი, ანანო ჩიხლაძე — "ჩვენი სურვილი იყო, რომ მოთამაშეებს გამოძიების პროცესში ნამდვილ დეტექტივებად ეგრძნოთ თავი".

როცა იფიქრებთ, რომ საქმის გამოძიება დაასრულეთ და მზად ხართ, ჩიბუხი გვერდზე გადადოთ, სწორი პასუხის შემოწმებას თამაშის ვებსაიტზე, საქაღალდეში არსებული QR კოდის დასკანერებით შეძლებთ.

როგორ შეიქმნა თამაში

ფოტო: გრენუგიოე

როგორც უკვე ვთქვით, თამაში რამდენიმე ახალგაზრდამ შექმნა. ისინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, GIPA-ის სტუდენტები არიან, დამნაშავის ლოგიკა კი მათთვის, რეალურად, მორიგი სასწავლო პროექტი იყო, რომლის იდეაც მარკეტინგის კურსის გავლისას გაჩნდა.

"ჩვენი ამოცანა იყო, გვეწარმოებინა პროდუქტი, რომელიც მცირე დროში გარკვეულ თანხას გამოიმუშავებდა", — ჰყვება ანანო, — "მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის სამაგიდო თამაშზე მუშაობა არ იყო ადვილი პროცესი და საკმაოდ დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვდა, ჩვენმა სტარტაპმა ქართულ ბაზარზე გამოჩენისთანავე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა".

დიდ მოწონებაზე ალბათ ისიც მიუთითებს, რომ გაშვებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში თამაში სრულად გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგის სფეროში თამაშის შემქმნელებს ცოდნა და გამოცდილება ჰქონდათ, ეს ექვსივე მათგანისთვის პირველი სტარტაპი იყო.

4 დღეში გაყიდული ყველა ეგზემპლარი

თამაშის არნახული სისწრაფით გაყიდვაში, რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა შემქმნელების სტრატეგიამ — მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დეტექტიური ჟანრის მედიაპროდუქტები. ამ წიგნებში, ფილმებსა და სერიალებში იშვიათად თუა მომხმარებელი ისეთივე ჩართული, როგორც თამაშში. ამას ემატება ისიც, რომ დამნაშავის ლოგიკა ქართულ ბაზარზე უანალოგო პროდუქტია.

"ჩვენი მომხმარებლებისთვის გამომძიებლის როლის მორგება განსაკუთრებით მიმზიდველი, ექსპერიმენტალური და საინტერესო აღმოჩნდა", — ხსნის ანანო, — "თითქმის დარწმუნებული ვიყავით, რომ დამნაშავის ლოგიკა საზოგადოებაში ასეთ ინტერესს გამოიწვევდა. თუმცა, პირველი საქმის გამოცემიდან ერთ კვირაში მისი სრულად ამოყიდვა ჩვენთვის ნამდვილად მოულოდნელი და სასიხარულო იყო".

განსაკუთრებულმა ინტერესმა და მომხმარებლის დადებითმა გამოხმაურებამ დამნაშავის ლოგიკის შემქმნელებს მუშაობის მეტი შემართებით გაგრძელებისა და თამაშის განვითარებისკენ უბიძგა. ეს ხომ, ფაქტობრივად, დეტექტიურ სერიალს ჰგავს — ცხელ-ცხელ საქმეებს რა გამოლევს!

ცხელ-ცხელი გეგმები

ფოტო: დამნაშავის ლოგიკა / Facebook

დამნაშავის ლოგიკა სულ რამდენიმე თვეა, რაც შეიქმნა და მის ფარგლებში უკვე ორი საქმე გამოუშვეს — სესილი ნაკაშიძის მკვლელობასთან ერთად, ახლა ირაკლი ჯაბადარის საქმის გამოძიებასაც შეძლებთ. პირველი მათგანი საშუალო სირთულის საქმეა და ის 14+ ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი, მეორე კი — საშუალოზე უფრო რთულია და 16+ ასაკის "გამომძიებლებისთვისაა" განკუთვნილი. თუმცა, ანანოს თქმით, 12 წელზე უფროსი "დეტექტივებისთვისაც" აპირებენ საქმეების გამოშვებას.

ახალ-ახალ საქმეებთან ერთად კი, თამაშის შემქმნელებს სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვთ. ცოტა ხნის წინ, მაგალითად, დამნაშავის ლოგიკა პირველად გახდა სამაგიდო თამაშების ერთ-ერთი ღონისძიების სპონსორი.

"ჩვენი გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს ახალ-ახალი რთული, განსხვავებული და საინტერესო საქმეების გამოშვებაზე", — ამატებს ანანო, — "პარალელურად, ვგეგმავთ განვავითაროთ თამაშის სტრუქტურა, შევიტანოთ გარკვეული ცვლილებები და ბევრი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებლებს. ეს ყველაფერი კი ჩვენს სოციალურ ქსელებში ძალიან მალე დაანონსდება".