ხშირად მუსიკა, რომელსაც თინეიჯერები უსმენენ, უფროსებში დიდ მოწონებას არ იმსახურებს. მეტიც, ზოგიერთი მათგანისათვის თანამედროვე შემოქმედება უბრალოდ ხმაურია, ბევრი კი იმასაც ფიქრობს, რომ ახლა აღარ იქმნება ისეთი კარგი მუსიკა, როგორიც ადრე იყო.

თუკი სიტუაცია გეცნოთ, მარტო ნამდვილად არ ხართ, ამგვარი გაუგებრობები კი შესაძლოა, რამდენიმე სამეცნიერო ფენომენით აიხსნას. მაშ, რატომ ხდება ასე?

ცნობილია, რომ მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება 13-14 წლის ასაკისთვის იწყება. მას შემდეგ, რაც უკვე 20-იან წლებში გადავინაცვლებთ, თანდათან გარკვეული სახის მუსიკისადმი მიდრეკილება უკვე მყარად გვაქვს გამჯდარი.

კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანთა უმრავლესობა დაახლოებით 33 წლისთვის ახალი მუსიკის მოსმენას უკვე წყვეტს. შესაბამისად, ის, რასაც თინეიჯერობისას უსმენდით, სავარაუდოდ, თქვენს ასაკობრივ ჯგუფში მთელი ცხოვრების მანძილზე იქნება პოპულარული.

შესაძლოა, ეს ბიოლოგიურად აიხსნას: მონაცემების თანახმად, ასაკის მატებასთან ერთად ტვინს სხვადასხვა აკორდებს, რიტმებსა და მელოდიებს შორის მცირე განსხვავებების აღმოჩენა უჭირს. შესაბამისად, უფროსებისათვის ახალი, შედარებით უცნობი სიმღერები "ყველა ერთნაირია".

ფოტო: henrique barone/Dribble

შესაძლოა, ახალი მუსიკისადმი მიუღებლობის შედარებით მარტივი მიზეზებიც არსებობდეს. სოციალურ ფსიქოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილ ფენომენს, "მხოლოდ ექსპოზიციის ეფექტს", თუ დავუჯერებთ, რაც ხშირად ვაწყდებით რაიმეს, მით მეტია შანსი, მოგვეწონოს კიდეც იგი. ფენომენი ერგება როგორც ადამიანებს, ასევე რეკლამებსა და სიმღერებს.

თინეიჯერობისას მუსიკალური კლიპების ყურებასა თუ სიმღერების მოსმენას დიდ დროს ვუთმობთ. საყვარელ სიმღერებსა და მომღერლებს ვეჩვევით, ემოციურად ვუახლოვდებით და ყოველდღიური რუტინის განუყოფელ ნაწილებად ვაქცევთ.

როგორც წესი, 30 წლის ასაკიდან ადამიანებს მეტი სამუშაო/ოჯახური ვალდებულება აქვთ, ახალი მუსიკის მოსასმენად კი ნაკლები დრო რჩებათ. ამის ნაცვლად მათი უმრავლესობა უკვე ნაცნობ, ძველ, საყვარელ სიმღერებს უსმენს წარსულიდან, რომელშიც მეტი თავისუფალი დრო ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თინეიჯერობის წლები უდარდელია. კვლევის თანახმად, გარდატეხის ასაკში განცდილი ემოციები იმაზე ინტენსიურია, ვიდრე ისინი, რომლებიც მომავალში გველის. ცნობილია ისიც, რომ ინტენსიური ემოციები შედარებით ძლიერ მოგონებებს აღძრავს და გემოვნებაზე უფრო დიდი გავლენა აქვს. აქედან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი, რომ გარდატეხის ასაკში მოსმენილი სიმღერები ჩვენთვის უფრო დასამახსოვრებელი და საყვარელია.

ამრიგად, მართალია, გამონაკლისებიც არსებობს, თუმცა ის, რომ უფროსებს ახალგაზრდებისათვის საყვარელი მუსიკა არ მოსწონთ, სრულებით ხშირი და ახსნადი მოვლენაა. მეტიც, დიდია ალბათობა იმისა, რომ შთამომავალთა თანამედროვე მუსიკის მიმართ თქვენც ანალოგიურად განეწყობით, ამას კი ზოგადი კანონზომიერებები განაპირობებს და არა თანამედროვე მუსიკის ხარისხი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.