გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უარყოფს რუსეთის მოთხოვნას, რის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა და სხვა სახელმწიფოებმა რუსულირუსული გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ. როგორც Politico წერს, შოლცის მტკიცებით, გაზის შესყიდვის ხელშეკრულებების უმეტესობა მოითხოვს ევროთი ან დოლარით გადახდას.

გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ ეს საკითხი განიხილეს და შეისწავლეს, რომ "ფიქსირებული კონტრაქტებია ყველგან, რომლებიც მოიცავს ვალუტას, რითიც ხდება გადახდები". შოლცის თქმით, უმეტეს შემთხვევებში საუბარია დოლარსა და ევროზე. ამის შესახებ მან G7-ის სამიტის შემდეგ ისაუბრა.

7 მარტს პუტინმა არამეგობრული ქვეყნების სიასთან ერთად გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები, თავად სახელმწიფოც, შეძლებენ, რომ უცხოელ კრედიტორებს სავალუტო ვალდებულებები რუბლში გადაუხადონ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კი განცხადა, რომ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის მოთხოვნას დათანხმდებიან და ნავთობსა და გაზს რუბლით იყიდიან, ეს იგივე იქნება, რომ ერთი ხელით უკრაინას, მეორით კი რუსეთს უკრაინელების მკვლელობაში ეხმარებოდე.

ზუსტად ერთი თვის წინ, 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. რუსეთმა უკვე დაკარგა ათასობით ჯარისკაცი, მოკლა ასეულობით ბავშვი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, დაანგრია ათეულობით ქალაქი და ათასობით საცხოვრებელი სახლი, თუმცა კვლავ არ აღიარებს, რომ ომს აწარმოებს და მას "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში