თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ რუსეთი მნიშვნელოვანი კიბერშეტევის მომზადების პროცესშია და ის ამით აშშ-ის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გეგმავს.

ცოტა ხნის წინ, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებობს საფრთხე იმის შესახებ, რომ რუსეთი შესაძლოა იკვლევდეს აშშ-ს წინააღმდეგ კიბერშეტევების ვარიანტებს.

ასევე: რა არის ჰაკერული ომი — რა ზიანი შეიძლება მიადგეს რუსეთს ანონიმუსისგან

ამის გათვალისწინებით, თეთრმა სახლმა ურჩია კომპანიებს გადადგან დამატებითი კიბერუსაფრთხოების ზომები, მათ შორის მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, მონაცემების სარეზერვო ასლის შემუშავება, მონაცემთა დაშიფვრა, კიბერუსაფრთხოების ექსპერტებთან კონსულტაციები და თანამშრომლების ინფორმირება კიბერთავდასხმების შესახებ.

"ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი კერძო სექტორის საკუთრებაშია და ასე იმართება. მათ კი აქვთ უნარი გააძლიერონ სისტემები და ქსელები, რომლებსაც ჩვენ ყველანი ერთად ვეყრდნობით", — თქვა ენ ნოიბერგერმა, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ კიბერ და განვითარებადი ტექნოლოგიების საკითხებში.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ თავდასხმის კონკრეტული მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს, მაგრამ არის მინიშნებები, რომ რაღაცა მსგავსი იგეგმება.

"არ არსებობს რაიმე კონკრეტული კიბერშეტევის მტკიცებულება. თუმცა, შეინიშნება გარკვეული მოსამზადებელი აქტივობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ეს არის ის, რაც გავუზიარეთ კომპანიებს, რომლებიც შეიძლება დაზარალდნენ", — დასძინა ნოიბერგერმა.

ერთ-ერთი ასეთი პოტენციური საფრთხე შეიძლება იყოს აშშ-ს ენერგეტიკული სისტემა. CNN და POLITICO იტყობინებიან, რომ FBI-ის ინფორმაციით, აშშ-ს ხუთ ენერგეტიკულ კომპანიაზე, 18 სხვა თავდაცვის, ფინანსური სერვისების და IT კომპანიების ქსელებზე ჰაკერული "სკანირება" შეინიშნა. ეს კი ნიშნავს, რომ ჰაკერები კომპანიების დაუცველ ადგილებს ეძებენ.

"ეს აქტივობა გაიზარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ", — ნათქვამია FBI-ის განცხადებაში.

უკრაინასა და რუსეთში კიბერშეტევები გახშირებულია. კიბერუსაფრთხოების კომპანია Central Point-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კიბერშეტევები უკრაინის მთავრობისა და სამხედრო სექტორის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი სამი დღის განმავლობაში 196 პროცენტით გაიზარდა. იმავდროულად, რუსულ კერძო ორგანიზაციებზე ჰაკერული თავდასხმები 4 პროცენტითაა მომატებული, ხოლო უკრაინულ ორგანიზაციებზე თავდასხმები მხოლოდ 0,20 პროცენტით.

ასევე: კიბერომი — კიდევ ერთი ფრონტის ხაზი რუსეთ-უკრაინას შორის

როგორც უკრაინის, ისე რუსეთის სახელით თავდასხმების უმეტესობა ორ ცნობილ მეთოდს იყენებს. უპირველეს ყოვლისა, ჰაკერები ცდილობენ მიიღონ სენსიტიური ან პირადი ინფორმაცია, რითაც ოპერაციების მუშაობას შეუშლიან ხელს. მეორეს მხრივ, ბევრი ახორციელებს DDoS შეტევებს, რაც მოიცავს სერვისის ან ქსელის აბსოლუტურ ჩამოშლას. ამ დროს თავდამსხმელი დროის კონკრეტულ მონაკვეთში ძალიან ბევრჯერ მიმართვით ცდილობს ქსელის გადატვირთვას, შედეგად კი საიტის ფუნქციონირებას აფერხებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ჯერ კიდევ არ იციან როგორ, როდის ან რა ფორმით შეიძლება მოხდეს რუსული კიბერთავდასხმა. თუმცა, აშკარაა, რომ აშშ-ის ხელისუფლება გრძნობს საჭიროებას, მოემზადოს ამისთვის, სანამ ძალიან გვიანი იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.