რამდენიმე დღის წინ ბრიტანული კინოაკადემიისა და სატელევიზიო ხელოვნების დაჯილდოების (BAFTA) ცერემონია შედგა. ღონისძიებაზე ერთ-ერთი ნომინაცია ცნობილმა ინგლისელმა მსახიობმა, ემა უოტსონმა, წარადგინა. უოტსონს, რომელიც ჰარი პოტერის ფილმებში ჰერმიონ გრეინჯერის როლის შესრულებით გახდა ცნობილი, სცენაზე წამყვანმა რებელ უილსონმა უხმო და იხუმრა, "ჩვენი შემდეგი წარმდგენი ემა უოტსონია, რომელიც საკუთარ თავს კი ამაყად უწოდებს ფემინისტს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ, რეალურად, ჯადოქარიაო".

როცა უოტსონი მიკროფონთან მივიდა, ხუმრობა გააგრძელა და განაცხადა, "აქ ყველა ჯადოქრის მაგივრად ვარო". ამის შემდეგ მსახიობმა კიდევ ერთი ფრაზა ჩაილაპარაკა, რომელიც მკაფიოდ არ გაისმა. ზოგიერთის ვარაუდით, უოტსონმა თქვა "სხვათა შორის" (by the way), ზოგმა კი მიიჩნია, რომ მან ნათქვამს "გარდა ერთისა" (bar one) დააყოლა.

მსახიობის ფანების ნაწილის აზრით, "ერთში" მან პოტერიადის საგის ავტორი, ჯოან როულინგი, იგულისხმა. ამის გამო მათ უოტსონს გამკილავი ხუმრობა შეუქეს.

საქმე ისაა, რომ დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი ბრიტანელი მწერალი კიდევ ერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში — არავისდა გასაკვირად, ისევ ტრანსფობიის ბრალდებით.

ამჯერად როულინგი ტვიტერზე ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წევრის, ანელიზ დოდსის, კომენტარს გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა, შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ "არ იცის", როგორ განისაზღვრება ქალი. ჰარი პოტერის სერიის ავტორმა თავის ტვიტში ითხოვა, იქნებ დოდსის ვინმემ ლექსიკონი და ხერხემალი გაუგზავნოთო.

ამის გათვალისწინებით კი, ბევრმა იფიქრა, რომ უოტსონის ნათქვამის ქვეტექსტი როულინგს უკავშირდებოდა.

"ემა უოტსონი როულინგს ანადგურებს", "უოტსონის ნათქვამი დიდი შუა თითის ჩვენება იყო რ*ულინგისთვის და ამის გამო მე ის კიდევ უფრო შემიყვარდა", "მომწონს როგორ გაქირდა უოტსონმა როულინგი და თქვა, 'აქ ყველა ჯადოქრის მაგივრად ვარ, ერთის გარდაო'. ემა დედოფალია", — წერენ ინტერნეტმომხმარებლები ტვიტერზე.

ემა პოტერიადის ერთადერთი ვარსკვლავი არაა, რომელმაც როულინგი გააკრიტიკა. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი ფილმების სერიაში რონ უიზლის როლის შემსრულებელმა, რუპერტ გრინტმაც, აღნიშნა, რომ მწერალს "თავის 'დეიდად' კი მიიჩნევს, მაგრამ მის შეხედულებებს არ ეთანხმება". ამასთან, მან მხარდაჭერა გამოუცხადა ტრანსთემს.

რუპერტთან და ემასთან ერთად, როულინგის შეხედულებებს დაუპირისპირდა ჰარი პოტერის შემსრულებელი, დენიელ რედკლიფიც.

რა ხდება როულინგის თავს

ფოტო: Carlo Allegri / Reuters

იმის მიუხედავად, რომ ჰარი პოტერი წლების შემდეგაც რჩება ფანების საყვარელ ისტორიად, ბოლო წლებში საგის ავტორი, ჯოან როულინგი, კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ გაეხვა. მიზეზი დიდწილად მისი შეხედულებები გახდა — მწერალი ბევრჯერ დაადანაშაულეს ტრანსფობიაში.

თავდაპირველად, ამის საფუძველი მკვლევარ მაია ფორსტეიტერის დაცვა გახდა. ეს უკანასკნელი სამსახურიდან ტრანსფობიური განცხადების — "კაცებს ქალად გახდომა არ შეუძლიათ" — გამო დაითხოვეს. მოგვიანებით, როულინგმა ტვიტერზე დაწერა, რომ "ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ, შესაფერისი სიტყვა უკვე გვქონდა". შემდეგ, მწერალი თავის დეტექტიურ რომანში ბოროტმოქმედად "ქალად გადაცმული კაცის" გამოყვანისთვის გააკრიტიკეს.

კრიტიკამ კი სხვადასხვაგვარი ფორმა მიიღო — ტიკტოკის მომხმარებლები ჰარი პოტერის წიგნებსაც კი წვავდნენ. რამდენიმე თვის წინ როულინგმა ტვიტერზე ასევე დაწერა, რომ თავისი სახლის მისამართი "სამმა აქტივისტმა" გაასაჯაროვა. ეს ფაქტი სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ და შოტლანდიის პოლიციამ აღკვეთეს, თუმცა, მწერლის თქმით, მან სიკვდილის მუქარებიც კი მიიღო.

მწერლისადმი "მიმართული სიძულვილის ტალღა" არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის, ჯადოსნური არსებების მსახიობმა ედი რედმეინმა დაგმო.

რამდენიმე თვის წინ როულინგმა ტვიტერზე სტატიაა გააზიარა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "პოლიცია კაცის გენიტალიების მქონე გამაუპატიურებელს ქალად აღნიშნავს, თუკი თავდამსხმელი საკუთარ თავს ქალად აიდენტიფიცირებს".

"ომი მშვიდობაა. თავისუფლება ტყვეობაა. უგუნურება ძალაა. პენისიანი ინდივიდი, რომელმაც გაგაუპატიურა, ქალია", — დაწერა მწერალმა ტვიტში.

სხვათა შორის, როულინგი არ მიუწვევიათ ჰარი პოტერის 20 წლის საიუბილეო გადაცემაში. საათნახევრიან სპეცეპიზოდში პოტერიადის შემქმნელი ჯამში წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში, არქივიდან ამოღებული კადრებით აჩვენეს. მწერალთან გასამიჯნად ქვიდიჩის მსოფლიო ასოციაციებმაც გადაწყვიტეს სახელის შეცვლა. ავტორი რამდენიმე კვირის წინ ასევე ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს.

აღსანიშნავია, რომ როულინგმა — მსოფლიოში პირველმა მწერალმა, რომელმაც წერით მილიარდი დოლარი გამოიმუშავა — თავისი დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით ცოტა ხნის წინ უკრაინის ომის დროს დაზარალებული ბავშვებისა და ბავშვთა სახლების დახმარება გადაწყვიტა.

ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.