თუკი შარშან ზაფხულს ცნობილი ჰიტის, Driver's License-ის, მოსმენისას სიმღერის ტექსტის შინაარსითაც დაინტერესდით, გაიგებდით, რა აკავშირებს კომპოზიციას, ამომავალ პოპვარსკვლავ ოლივია როდრიგოსა და ამერიკელ მსახიობ ჯოშუა ბასეტს ერთმანეთთან. შეიძლება ყური იმასაც მოჰკარით, რომ სიმღერის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ბასეტი გულის უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცოტა ხნის წინ, გამოცემა People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მსახიობმა და მომღერალმა ღიად ისაუბრა, რამ გამოიწვია მისი ჰოსპიტალიზება და რა რეაქცია ჰქონდა, როცა როდრიგოს სიმღერა მოისმინა.

ბასეტის თქმით, Driver's License-ის გამოსვლის შემდეგ ინტერნეტში მითქმა-მოთქმის დაწყებამ მასზე სტრესულად იმოქმედა, რის გამოც საავადმყოფოში გადაყვანამდე ერთი კვირით ადრე თავი შეუძლოდ იგრძნო, ყოველ შემდეგ დღეს კი უარესად ხდებოდა.

"დღეში 16-დან 20 საათამდე მეძინა", — იხსენებს მსახიობი, — "30 წამზე მეტხანს კი ფეხზე დგომაც არ შემეძლო".

სხვათა შორის, ამავე პერიოდში — როდრიგოს სიმღერის გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ — ბასეტის სინგლი, Lie Lie Lie-ც ("ტყუილი ტყუილი ტყუილი") გამოვიდა.

"ვგრძნობდი, რომ მართლა გულის უკმარისობა მქონდა", — აგრძელებს ჯოშუა, — "ვფიქრობდი, ეს მხოლოდ შფოთვა არაა, უფრო ცუდადაა საქმე-მეთქი. მერე ექიმებმაც მითხრეს, კიდევ 12 საათი რომ არ მოსულიყავი, საკუთარ სახლშივე მოკვდებოდიო. დაუჯერებელია, რომ ამდენად ახლოს ვიყავი კიდევ ერთხელ ჩაძინებამდე".

ჯოშუამ საავადმყოფოში 9 დღე გაატარა, თუმცა, მისი პრობლემები კლინიკის დატოვების შემდეგ არ დასრულებულა.

"უფრო მეტად დეპრესიული და დასტრესილი გავხდი", — იხსენებს იგი, — "ყოველ დღე მქონდა პანიკური შეტევა".

თუმცა, როგორც ჩანს, მას შემდეგ, მომღერლის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

"გასულ წელს ჩემი ბევრი უდიდესი შიში ახდა", — დასძენს ბასეტი, — "თუმცა, მივხვდი, რომ ყოველთვის კარგად ვიქნები, უკეთესად თუ არა".

Driver's License, რომელიც 19 წლის ამერიკელი მომღერლის, ოლივია როდრიგოს, სადებიუტო ალბომში შედის, გასულ წელს ნამდვილ ჰიტად იქცა. Spotify-ზე სინგლს მილიარდზე მეტი სტრიმი აქვს, რითაც პლატფორმაზე 100 ყველაზე მოსმენად სიმღერას შორისაა. ამასთან, კომპოზიცია 25 ქვეყნების ჩარტების სათავეშიც აღმოჩნდა.

სიმღერის გამოსვლის შემდეგ, მომღერლის ფანები ვარაუდობდნენ, რომ ტექსტი მისი და ჯოშუა ბასეტის ურთიერთობის შესახებ იყო დაწერილი. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი წინათ დისნეის მუსიკალურ სერიალში, High School Musical: The Musical: The Series მონაწილეობდა.