იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 370 საჩივარი დაუშვებლად ცნო. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი რუსეთის მხრიდან იბომბებოდა.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

შესაბამისად, შეუძლებელია, რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად", — განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ახლა სტრასბურგის სასამართლოში განიხილავენ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ მხოლოდ 154 საჩივარს.