უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის თვისთავზე ჩაწერილ ვიდეოში რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, შეეწინაღმდეგონ ომს, რომელზეც ატყუებენ და რომლის გამოც აღარიბებენ. მანვე თქვა, რომ თუ რუსებს შეუძლიათ დატოვონ ქვეყანა, რათა არ გადაიხადონ გადასახადები და ამ ფორმით არ დააფინანსონ ომი, ეს უნდა გააკეთონ.

გთავაზობთ მიმართვას:

"ახლა მინდა ცალკე მივმართო რუსეთის მოქალაქეებს. დარწმუნებული ვარ, თქვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც სახელმწიფოს პოლიტიკა ეზიზღება. ვისაც უკვე გული ერევა იმაზე, რასაც ხედავს ტელევიზორში, იმაზე, როგორ გატყუებენ თქვენივე პროპაგანდისტები ინტერნეტში. პროპაგანდისტები, რომლებსაც ფულს თქვენივე გადასახადებიდან უხდიან და იტყუებიან ომზე, რომელიც თქვენი ფულით ფინანსდება და რომელიც აღარიბებს რუსეთის ყველა მოქალაქეს, ყოველ დღე უფრო მეტად და მეტად.

ნუთუ ეს სისულელე არ არის, თქვენი სახელმწიფო თქვენგან გადასახადებს იღებს, რომ გაგაღარიბოთ, რომ მსოფლიოსგან იზოლაციაში მოგაქციოთ, რომ თქვენი კონტროლი უფრო მარტივი იყოს და უფრო მარტივად შეძლონ თქვენი გაგზავნა ომში, სასიკვდილოდ.

უკრაინა არასდროს უქმნიდა საფრთხეს რუსეთის უსაფრთხოებას. ახლაც კი ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მხოლოდ იმისთვის, რომ დავაბრუნოთ მშვიდობა ჩვენს მიწაზე, არა თქვენსაზე ჩვენსაზე, ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დავასრულოთ ეს ომი და როცა ეს გამოგვივა და ეს აუცილებლად იქნება, თქვენ იქნებით დარწმუნებული მინიმუმ ერთ რამეში — თქვენს შვილებს აღარ გამოგზავნიან სასიკვდილოდ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე.

ამიტომ თქვენ, რუსეთის მოქალაქეებიც დაინტერესებული ხართ მშვიდობაში. გადაარჩინეთ თქვენი შვილები ომისგან, მოყევით სიმართლე ომზე და თუ შეგიძლიათ დატოვოთ რუსეთი, რომ არ გადაუხადოთ თქვენი გადასახადები ომისთვის, გააკეთეთ ეს", — განაცხადა მან.

ზელენსკი ახალ ვიდეოში 3 ენაზე საუბრობს: უკრაინელებს, მსოფლიო თანამეგობრობას და რუსეთს მიმართავს. ის ამბობს, რომ ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთმა ომი დაიწყო თავისუფლების წინააღმდეგ. მისივე თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და რუსეთს სურს შეუზღუდოს თავისუფლება ყველა ადამიანს ევროპაში.

ზელენსკიმ მოუწოდა ყველას ომის თვისთავზე შეიკრიბნონ თავიანთ ქალაქებში უკრაინის სიმბოლიკით და მხარდაჭერა გამოუცხადონ ქვეყანას.