საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აპრილში, პრემიის სახით, 151 420 ლარი გაიცა. ამ თანხიდან 61 920 ლარი თანამდებობის პირებისთვის გაცემული პრემიაა, დარჩენილი 89 500 ლარი კი სხვა თანამშრომლებზე გადანაწილდა. ამ ეტაპზე On.ge-სთვის უცნობია სულ რა მოცულობის თანხა დაიხარჯება აპრილის თვეში უწყების თანამშრომლების ანაზღაურებაზე (თანამდებობრივი სარგო, დანამატი).

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ კვარტალს (იანვარი-მარტი), ამ პერიოდში უწყებაში ანაზღაურებისთვის 641 732 ლარი დაიხარჯა. ამ თანხიდან თანამდებობრივი სარგოსთვის 443 558 ლარი გამოიყო, დანამატისთვის - 181 279 ლარი, პრემიისთვის კი - 16 895 ლარი. აპრილამდე უწყებაში პრემია არ გაცემულა თანამდებობის პირებისთვის, თუმცა, თანამდებობის პირები ჯამში (150 530 ლარი) უფრო მეტ დანამატს იღებდნენ, ვიდრე უწყების სხვა თანამშრომლები (30 749 ლარი).

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ 2017 წელს ანაზღაურების სახით 18 750 ლარი მიიღო, ამ თანხიდან 10 620 ლარი თანამდებობრივი სარგოა, 8 130 ლარი კი - დანამატი. წელს მას პრემია არ აუღია.