ალბათ ყველა ერთხელ მაინც აღმოჩენილა ტრანსპორტში შექმნილ ისეთ სიტუაციაში, როცა ბავშვი გულმოსაკლავად ტირის, მგზავრები კი უხერხულად და უცნაური მეთოდებით ამაოდ ცდილობენ მის დამშვიდებას.

აი, ერთ-ერთი ფრენისას, ბორტზე მყოფი მგზავრები ზუსტად მიხვდნენ, როგორ უნდა დაეწყნარებინათ ატირებული პატარა.

ვიდეო, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა მოგვიანებით ტიკტოკზე გამოაქვეყნა, ინტერნეტს ვირუსულად მოედო, პლატფორმაზე კი ის ჯამში 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. მასში ჩანს, როგორი მონდომებითა და ტაშის კვრით უმღერიან დუბაიდან ალბანეთისკენ მიმავალი ადამიანები 4 წლის ბიჭს ცნობილ სიმღერას, Baby Shark-ს.

როგორც ვიდეოს ავტორი, პარიკშიტ ბალოჩი ჰყვება, სანამ ხუთსაათიანი ფრენა დაიწყებოდა, მის გვერდით მყოფმა ბიჭუნამ ტირილი დაიწყო. ამ დროს ერთ-ერთი მგზავრი უკანა რიგიდან ჯერ ჩურჩულით აღიღინდა, მერე კი მას ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი აჰყვა.

"სულაც არ მომრიდებია, რადგან რადიოს წამყვანი ვარ. ამიტომ მეც ხმამაღლა ავყევი და მერე ყველა შემოგვიერთდა", — ამბობს ბალოჩი, — "ეს რომ ხდებოდა, ვიფიქრე, რა მაგარი მომენტია, ტელეფონი უნდა ამოვიღო-მეთქი და გადაღება დავიწყე, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე წამიღა მოვასწარი".

თურმე, სანამ ბალოჩი გადაღებას დაიწყებდა, მგზავრები თითქმის მთელი ნახევარი წუთი მღეროდნენ. ამან კი არა მხოლოდ ატირებული ბავშვი დაამშვიდა, ბევრ ადამიანს ინტერნეტში გულიც აუჩუყა. ვიდეოს ქვემოთ დაწერილი ათასობით კომენტარის ავტორი მგზავრებს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის აქებს.

"ეს ხომ მხოლოდ ბავშვია. სამყაროს დასასრული არაა", — დასძენს ბალოჩი იმაზე საუბრისას, გამაღიზიანებელი თუ იყო ბავშვის ტირილი ბორტზე.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა Baby Shark ბავშვის დასამშვიდებლად გამოიყენეს. პოპულარული სიმღერა რამდენიმე თვის წინ ექიმებმა უმღერეს ბავშვს, რომელსაც ოპერაცია უტარდებოდა. მსგავსად დაამშვიდეს ლიბანელმა დემონსტრანტებმა პატარა, რომელიც ბეირუთში აქციების ხმამ შეაშინა.

Baby Shark იუთუბზე პირველი ვიდეოა, რომელმაც 10 მილიარდ ნახვას მიაღწია. სიმღერა მსოფლიოში იმდენად პოპულარული გახდა, რომ მასზე სრულმეტრაჟიანი ფილმიც გადაიღეს, რომელიც მომავალ წელს გამოვა.