იაპონურ სტარტაპს, სახელად H2L Technologies, სურს, მეტავერსში ფიზიკური ტკივილი გადაიტანოს. ისინი ამას სპეციალური სამკლაურით აპირებენ, რომელიც მაჯაზე მაგრდება.

Financial Times-ის ცნობით, ეს ახალი ტექნოლოგია კიდევ ერთხელ არღვევს ზღვარს რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის.

"ტკივილის განცდა საშუალებას გვაძლევს მეტავერსის სამყარო კიდევ უფრო რეალურად ვაქციოთ", — განუცხადა H2L-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ემი თამაკიმ.

Sony-ის მხარდაჭერილი სტარტაპის მიზანი მხოლოდ ტკივილის "მიყენება" არ არის. კომპანიის თქმით, მათ ასევე სურთ მეტავერსში წონის და შესაბამისი წინააღმდეგობების გადატანა.

სამაჯურს ელექტრული სტიმულაციის წყალობით, შეუძლია სხვადასხვა შეგრძნებების სიმულირება, ბურთის დაჭერიდან დაწყებული, ჩიტის სხეულზე შეხებით გაგრძელებული. თამაკის და მისი კომპანიის მიზნები ბევრად აღემატება უბრალო სამაჯურს. საბოლოო შედეგი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ადამიანების "სივრცე დროისგან გათავისუფლებაა".

ასევე: შემდეგი პოდკასტი: მეტავერსი — ინტერნეტის მომავალი

თამაკის მსგავსი ტექნოლოგიის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც კლინიკური სიკვდილის გამოცდილება მიიღო.

"მსგავსი გამოცდილების შემდეგ, მივხვდი, რომ ცხოვრება ძალიან ძვირფასია. ამიტომ, გადავწყვიტე მემუშავა ახალ სფეროში. იმ დროს ამ მხრივ ძალიან ცოტა რამ ხდებოდა", — განუცხადა მან FT-ს.

თამაკისთვის ეს გარე სამყაროსთან დაკავშირების საშუალებაა. მას გულის პრობლემები აქვს და მისთვის ფიზიკური აქტივობა ფაქტიურად შეუძლებელია.

"მსგავსი ტექბოლოგიები განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა საჭირო, რომლებსაც მატერიალურ სამყაროში გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და გადაადგილების მხრივ შეზღუდულები არიან", — ამბობს თამაკი.

მისი ოცნებაა "მოგზაურობა ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს" და ეს ყველაფერი ტექნოლოგიის მეშვეობით — თუნდაც ეს გამოცდილება ფიზიკურ ტკივილსაც მოიცავდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.