გაფრთხილება: სტატიის გაცნობამდე გაითვალისწინეთ, რომ მოყოლილი ამბები და ფოტომასალა ემოციურად მძიმე წასაკითხი და სანახავია.

"ბავშვების ცხედრები აქ, მარიუპოლის ამ ვიწრო, ნაჩქარევად გათხრილ, გაყინულ მიწაში ყრია, ჰაერი კი უწყვეტი დაბომბვის ხმითაა გაჯერებული" — მარიუპოლში დატრიალებულ ტრაგედიაზე ამერიკული საინფორმაციო სააგენტო, Associated Press წერს.

18 თვის კირილი, რომელიც ჭურვის ნამსხვრევით მიღებულ თავის ჭრილობას შეეწირა, აქ ასვენია. აქ არის 16 წლის ილია, რომელსაც სკოლის მოედანზე ფეხბურთის თამაშისას აფეთქებამ ფეხები მოკვეთა. ასევე აქაა 6 წლამდე ასაკის გოგო, რომელსაც ანიმაციური მარტორქების პიჟამა ეცვა. ის მარიუპოლში ერთ-ერთი პირველი ბავშვია, რომელიც რუსულ ჭურვს ემსხვერპლა.

ქალაქის გარეუბანში, ამ მასობრივ საფლავში, ისინი, სხვა უამრავ გარდაცვლილთან ერთად, გვერდიგვერდ არიან ჩასვენებული. კაცი ცისფერ ნაჭერში, რომლის კიდეები მიწაზე ქვებითაა დამაგრებული; ქალი, წითელსა და ოქროსფერ ზეწარში, რომელსაც კოჭები თეთრი ნაჭრით აქვს შეკრული. მომუშავეები გვამებს სწრაფად ისვრიან, რადგან ღია ადგილას რაც უფრო ცოტა ხანს გაჩერდებიან, მით უფრო მეტია მათი გადარჩენის ალბათობა.

ფოტო: AP Photo

"ერთადერთი, რაც მინდა, ამ ყველაფრის დამთავრებაა", — სიმწრით ამბობს ვოლოდიმირ ბიკოვსკი და გვამებისთვის განკუთვნილი შავი პარკები მანქანიდან გადმოაქვს, — "ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას, ვინც ეს დაიწყო!"

კიდევ მეტი გვამი იქნება — ქუჩებიდან, სადაც ისინი ყველგანაა; საავადმყოფოს სარდაფიდან, სადაც ზრდასრულების და ბავშვების ცხედრები იქამდე ასვენია, სანამ მათ წასაღებად მოვლენ. მათგან ყველაზე პატარას ჭიპლარი ჯერ კიდევ სხეულზე აქვს მიმაგრებული.

მარიუპოლის თავზე ყოველი საჰაერო თავდასხმა — ხანდახან წუთში ერთხელ გამეორებული — ააშკარავებს იმ გეოგრაფიულ თავისებურებას, რომელმაც დასახლება მუდმივი შეტევის მსხვერპლად აქცია. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ეს, ერთ დროს 430 ათასი ადამიანის საცხოვრებელი საპორტო ქალაქი დღეს პუტინის სურვილის, გაანადგუროს დემოკრატიული უკრაინა, სიმბოლო გახდა — მაგრამ ის ასევე შეუდრეკლობის მაგალითია.

ქალაქი რუსი ჯარისკაცების მიერაა გარემოცული და ისინი ნელ-ნელა მას სიცოცხლეს აცლიან.

მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთების რამდენიმე თხოვნას ყურადღება არ მიექცა. დაიბომბა სამშობიარო, სახანძრო, საცხოვრებელი სახლები, ეკლესია, თეატრი, ხელოვნების სკოლა. დაახლოებით ასი ათასამდე მოსახლეს, რომლებიც ქალაქში არიან დარჩენილები, წასასვლელი არსად აქვს.

სამედიცინო პერსონალის შვილები, რომლებიც პლედით თავს ითბობენ და მარიუპოლის საავადმყოფოში ნათესავებს ელოდებიან. 4 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

მარიუპოლი რუსეთისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, რადგან ის აღმოსავლეთით სეპარატისტულ დონბასსა და დასავლეთით მდებარე, რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმს ერთმანეთთან აკავშირებს.

ქალაქის გარშემო გზები დანაღმულია, პორტი კი ბლოკირებული. საკვები ილევა, ელექტროენერგია თითქმის ყველგან გათიშულია, წყლის მარაგიც იწურება, ადგილობრივები თოვლს ადნობენ და მას სვამენ. ზოგმა მშობელმა ახალშობილები საავადმყოფოში დატოვა ალბათ იმ იმედით, რომ მათ გადარჩენის შანსი იმ ადგილას უფრო ექნებათ, სადაც ელექტროენერგია და წყალია.

სიკვდილი ყველგანაა. დაუსრულებელი დაბომბვის გამო ცხედრების დათვლა შეუძლებელია. ოჯახებს ეუბნებიან, რომ თავიანთი მიცვალებულები ქუჩებში დატოვონ, რადგან ზედმეტად საშიშია მათი დაკრძალვა.

ნაჭერში გახვეული გვამი მარიუპოლის ქუჩაში. 7 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

"მათ პირდაპირი ბრძანება აქვთ, მარიუპოლი მძევლად ჰყავდეთ აყვანილი, რომ დასცინონ, გამუდმებით დაბომბონ", — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 მარტს.

სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ მარიუპოლის მომავალი გაცილებით ნათელი ჩანდა.

თუ გეოგრაფია ქალაქის ბედს წყვეტს, მაშინ მარიუპოლი წარმატების გზაზე იდგა თავისი რკინისა და ფოლადის საბადოებით და ღრმა პორტით — მსგავს რესურსებზე მსოფლიო მოთხოვნა დიდია. 2014 წლის მძიმე დღეებიც, როცა ქალაქი რუსეთის მხრიდან წაქეზებულმა სეპარატისტებმა ქუჩის ბრძოლებით კინაღამ ძირს დასცეს, მხოლოდ მოგონებად იყო ქცეული.

ეს იმასაც ნიშნავს, რომ რუსების შემოჭრის პირველი რამდენიმე დღე მარიუპოლის მრავალი მცხოვრებლისთვის საშინლად ნაცნობი აღმოჩნდა. სერგეი ორლოვის, მარიუპოლის მერის მოადგილის მიხედვით, დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა ქალაქი იქამდე დატოვა, სანამ ამის შესაძლებლობა არსებობდა. უმრავლესობა იქ დარჩა იმ იმედით, რომ რაც უნდა მომხდარიყო, გაუძლებდნენ ან, საბოლოოდ, დანარჩენების მსგავსად დასავლეთით გაემგზავრებოდნენ.

"2014 წელს მეტად შეშინებული ვიყავი, იმავე პანიკას ახლა არ ვგრძნობ", — აღნიშნა ანა ეფიმოვამ 24 თებერვალს, როცა მაღაზიაში საკვებ მარაგებს ყიდულობდა, — "პანიკაში არ ვართ. გასაქცევი არსადაა, სად უნდა წავიდეთ?"

მარიუპოლში რუსული ტანკის გასროლით აფეთქებული საცხოვრებელი კორპუსი. 11 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

იმავე დღეს უკრაინული სამხედრო რადარი და აეროდრომი რუსეთის არტილერიის ერთ-ერთი პირველი სამიზნე გახდა. საჰაერო თავდასხმები ყოველ წუთს იყო მოსალოდნელი და ასე ხდებოდა კიდევაც — მოსახლეობა უმეტეს დროს თავს თავშესაფარს აფარებდა. ცხოვრება ნორმალური ნამდვილად არ იყო, მაგრამ არსებობა ჯერაც შესაძლებელი გახლდათ.

27 თებერვლისთვის ეს შეიცვალა. სასწრაფო დახმარების პერსონალმა ქალაქის საავადმყოფოში პატარა, უმოძრაო გოგო შეიყვანა — ის ჯერ ექვსისაც არ იყო. მისი უფერო სახიდან ყავისფერი თმა რეზინის სამაგრით იყო გადაწეული, მისი პიჟამის შარვალი სისხლში იყო ამოსვრილი.

მასთან ერთად საავადმყოფოში მისი დაჭრილი, თავშეხვეული მამა შევიდა. დედა კი სასწრაფოს გარეთ იდგა და მოთქვამდა.

ბავშვს ექიმები და ექთნები შემოეხვივნენ, ერთ-ერთმა ინიექცია გაუკეთა, მეორემ ელექტრული შოკისთვის დეფიბრილატორი გამოიყენა. ექიმმა, რომელიც მას ჟანგბადს აწვდიდა, AP-ის ჟურნალისტის კამერას პირდაპირ შეხედა და დაიწყევლა.

"აჩვენეთ ეს პუტინს. აჩვენეთ ამ ბავშვის თვალები და ატირებული ექიმები", — აღმოხდა მას და რისხვით მოცულმა ოთახი დატოვა.

ექიმებმა ბავშვი ვერ გადაარჩინეს. მის პატარა სხეულს მისივე ვარდისფერი ქურთუკი გადააფარეს და თვალები დაუხუჭეს. ახლა ის საერთო საფლავშია ჩასვენებული.

ოლექსანდრ კონოვალოვი, სასწრაფო დახმარების პარამედიკოსი, ჭურვების სროლის დროს დაშავებულ ბავშვს გულ-ფილტვის რეანიმაციას უტარებს, მარცხნივ ბავშვის მამა ზის. კვირა, 27 თებერვალი, 2022. ბავშვი დაიღუპა.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

ჭურვების სროლის დროს მოკლული ბავშვის უსიცოცხლო სხეული მარიუპოლის საავადმყოფოში სამედიცინო მაგიდაზე ასვენია.

ფოტო: AP Photo /Evgeniy Maloletka

გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მარიუპოლის უპირატესობას წარმოადგენდა, ახლა მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ქალაქი აღმოსავლეთით დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით განლაგებულ დონბასსა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის მდებარეობს. დონბასს რუსეთის მიერ შეგულიანებული სეპარატისტები აკონტროლებენ, ყირიმის ანექსირება კი რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. მარიუპოლის დაპყრობა რუსებს ამ ორ ტერიტორიას შორის უსაფრთხო დერეფანსა და აზოვის ზღვის კონტროლირების საშუალებას მისცემს.

თებერვლის დამთავრებასთან ერთად ქალაქი ალყაში მოექცა. 2 მარტს ბიჭების ჯგუფი, რომლებმაც საფრთხეს ყურადღება არ მიაქციეს — ან იქნებ, როგორც თინეიჯერებს სჩვევიათ, თავი დაუმარცხებლად იგრძნეს — სკოლის გარეთ მოედანზე ფეხბურთის სათამაშოდ შეიკრიბნენ.

ბომბი აფეთქდა. აფეთქებამ ილიას ფეხები წაართვა.

ამ დროს ქალაქში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმებული იყო. ელექტროენერგია გაითიშა, მასთან ერთად სატელეფონო კავშირიც შეწყდა. კომუნიკაციის გარეშე, მედიკოსებს უნდა გამოეცნოთ, რომელ საავადმყოფოებს შეეძლოთ დაჭრილების დახმარება და მათთან მისასვლელი რომელი გზების გამოყენება შეიძლებოდა.

ილია ვერ გადაარჩინეს. მამამისი, სერჰიი, მოწყვეტით დაეშვა, დაღუპული შვილის თავს მოეხვია და ატირდა.

სერჰიი, 16 წლის ბიჭის, ილიას მამა, ეხუტება შვილის ცხედარს სამედიცინო განყოფილებად გადაკეთებულ სამშობიაროში. 2 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

მარინა იაცკო მორბის თავისი პარტნიორის, ფედორის უკან, რომელსაც დაბომბვისას სასიკვდილოდ დაჭრილი 18 თვის შვილი კირილი, საავადმყოფოში ხელში აყვანილი მიჰყავს. 4 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

სამედიცინო პერსონალი წარუმატებლად ცდილობს 18 თვის ბიჭის, კირილის გადარჩენას. 4 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo /Evgeniy Maloletka

მარინა იაცკო და მისი პარტნიორი 18 თვის კირილის დაღუპვის შემდეგ ერთმანეთს ანუგეშებენ. 4 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

4 მარტს საოპერაციო ოთახში კიდევ ერთი ბავშვი შეიყვანეს — კირილი, 18 თვის ბიჭი, რომელიც თავში დაიჭრა. ბავშვის დედამ და მამინაცვალმა ის პლედში გაახვიეს. გადარჩენის იმედი ჰქონდათ, თუმცა ყველაზე დიდი საშინელების გამოცდა მოუწიათ.

"რატომ? რატომ? რატომ?" — ტიროდა მარინა იაცკო საავადმყოფოს დერეფანში. მან ფრთხილად შემოაცალა ბავშვის სხეულს ნაჭერი და შვილს ბოლოჯერ აკოცა.

ამ დღეს ქალაქში სიბნელე საბოლოოდ ჩამოწვა — ინფორმაციულიც და ენერგეტიკულიც. უკრაინული ტელევიზია და რადიო გაითიშა, მარიუპოლის მოქალაქეებისთვის გარე სამყაროსთან ერთადერთი დამაკავშირებელი მანქანის სტერეო გახდა. მათ მხოლოდ რუსული საინფორმაციო გამოშვებების მოსმენა შეეძლოთ, სადაც აღწერდნენ სამყაროს, რომელიც მარიუპოლის რეალობისაგან სრულიად განსხვავდებოდა.

როცა ყველამ გააანალიზა, რომ გასაქცევი არსად იყო, ქალაქში განწყობა შეიცვალა. მაღაზიებში თაროები დაცარიელდა. იქ მცხოვრებები ღამეებს ბუნკერებში ათენებდნენ, დღისით კი იმისთვის გამოდიოდნენ, რომ აეღოთ ყველაფერი, რისი თან წაღებაც შეეძლოთ და მიწისქვეშა თავშესაფრებში ბრუნდებოდნენ.

41 წლის სერჰიი კრალია მარიუპოლის საავადმყოფოში ოპერაციის გაკეთების შემდეგ. კრალია ჭურვების სროლისას დაიჭრა. 11 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

სამედიცინო პერსონალი საჰაერო შეტევისას დაშავებულ კაცს უვლის. 4 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

6 მარტს მარიუპოლში უკრაინელები — როგორც ეს ყველა სასოწარკვეთილ ხალხს ემართება ხოლმე — ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ერთ ქუჩაზე მაღაზიების ფანჯრები ჩაამსხვრიეს და რაც შეეძლოთ, წაიღეს.

კაცი, რომელიც მაღაზიაში შეიჭრა და ხელში ბავშვის სათამაშო ბურთი აეღო, გაცოფებულ მეპატრონეს გადააწყდა. მან მოპარულის თავის ადგილას დაბრუნება მოითხოვა. კაცს სირცხვილით სახე აელეწა, ბურთი გადააგდო და გაიქცა.

იქვე მეორე გაძარცვული მაღაზიიდან ჯარისკაცი გამოვიდა, ცრემლებს ძლივს იკავებდა. "ხალხო, გთხოვთ, გაერთიანდით... ეს თქვენი სახლია. რატომ ამსხვრევთ ფანჯრებს, რატომ ქურდობთ თქვენივე მაღაზიებში?" — სთხოვდა ის თანამოქალაქეებს.

იყო ევაკუაციის მორიგი მცდელობაც. ქალაქიდან გამავალ ერთ-ერთ გზაზე ხალხი შეგროვდა, მაგრამ მათ პოლიციის ოფიცერი გადაეღობათ. "ქალაქიდან გასასვლელი გზები დანაღმულია",— თქვა მან, — "მენდეთ, ჩემი ოჯახიც სახლშია, მეც ვღელავ მათზე. სამწუხაროდ, ყველაზე უსაფრთხო გადაწყვეტილება ქალაქში, ბუნკერებში დარჩენაა".

საჰაერო შეტევისას უკრაინელები საავადმყოფოს იატაკზე წვანან. 4 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

უკრაინელი ჯარისკაცი იცავს თავის პოზიციას. 12 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

იმ ღამეს სწორედ იქ იყო გომა ჯანაც — სარდაფის ოთახში, რომელსაც ნავთის ლამპა ანათებდა, თუმცა მისი სითბო საკმარისი არ იყო, რომ თავშესაფარში სიცივე ოდნავ მაინც შეემცირებინა. მის უკან, სიბნელეში, ქალები და ბავშვები შეყუჟულიყვნენ და მათ ზემოთ აფეთქებების ხმების გაგონებისას ცახცახებდნენ.

"ჩემი სახლი მინდა, ჩემი სამსახური. ძალიან განვიცდი ხალხზე, ქალაქზე, ბავშვებზე", — მოთქვამდა ჯანა.

ეს აგონია პუტინის გეგმის ნაწილია. ალყა სამხედრო ტაქტიკაა, რომელიც შუა საუკუნეებში გახდა პოპულარული და რომლის მიზანიც მოსახლეობის შიმშილითა და ძალადობით განადგურებაა. ამ გზით ჯარისკაცებს მტრულად განწყობილ ქალაქში შესვლა და დანაკარგების წვევა არ უხდება — სანაცვლოდ, მოქალაქეები იხოცებიან, ნელა და მტკივნეულად.

პუტინმა ეს ტაქტიკა ძალაუფლების ქონის პერიოდში დახვეწა — პირველად ჩეჩნეთის ქალაქ გროზნოში 2000 წელს, შემდეგ სირიის ქალაქ ალეპოში 2016 წელს. მან ორივე ქალაქი მთლიანად გაანადგურა.

ადამიანები მარიუპოლის თავშესაფარში. 6 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

მარიუპოლის თავშესაფარში მყოფი ქალი ბავშვით ხელში. 8 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

ადამიანები მარიუპლოში სახელდახელოდ მომზადებულ თავშესაფარში საჭმლის რიგში დგანან. 7 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

მარიუპოლის თავშესაფარში კაცი ბავშვთან თამაშობს. 6 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

9 მარტისთვის რუსული სამხედრო თვითმფრინავების ხმა უკვე საკმარისი იყო, რომ ხალხი კივილით გაქცეულიყო თავშესაფრებისკენ, რათა ამ ხმას მოყოლილი აფეთქებებისგან თავი დაეცვა.

რუსებმა ამჯერად სამშობიარო დაბომბეს. მაშველებმა შენობიდან ორსული ქალი გამოიყვანეს — ის თავის სისხლიან მუცელს ეფერებოდა. მუცელში შვილი უკვდებოდა და მან ეს იცოდა, თქვეს ექიმებმა.

"ახლავე მომკალით!" — იყვირა ქალმა, როცა მის გადარჩენას ფრონტის ხაზთან კიდევ უფრო ახლოს მდებარე კლინიკაში ცდილობდნენ.

ბავშვი მკვდარი დაიბადა. ნახევარი საათის შემდეგ დედაც გარდაიცვალა. ექიმებმა მათი სახელების გაგებაც ვერ მოასწრეს.

უკრაინელ მაშველებსა და მოხალისეებს დაბომბილი სამშობიაროდან დაშავებული ორსული ქალი გამოჰყავთ. 9 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

მარიანა ვიშეგირსკაია დაბომბისგან განადგურებული სამშობიაროს კიბეებზე. 9 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

მარიანა ვიშეგირსკაია თავის ახალშობილ გოგოსთან, ვერონიკასთან ერთად კლინიკაში. 11 მარტი, 2022.

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka)

კიდევ ერთი ორსული ქალი, მარიანა ვიშეგირსკაია, მშობიარობის დაწყებას ელოდებოდა, როცა სამშობიარო დაიბომბა. სისხლიანი წარბითა და ლოყით, საკუთარი ნივთები ერთად გაახვია და შენობიდან გამოიქცა.

მეორე დღეს ვიშეგირსკაიამ ბავშვი, ვერონიკა აფეთქებების ხმის ფონზე გააჩინა.

ეს ორი ქალი — ერთი გარდაცვლილი, მეორე ახალბედა დედა — ცეცხლში გახვეული ქალაქის სიმბოლო გახდა. ამ დროს რუსი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ სამშობიარო მემარჯვენე უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს და მას თავიანთ ბაზად იყენებენ. ეს იყო მათი პასუხი სამშობიაროს დაბომბვით აღშფოთებული მსოფლიოსთვის.

ლონდონში რუსეთის საელჩომ ტვიტერზე AP-ის ორი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წითლად FAKE ("ყალბი") ჰქონდა გადაწერილი. მათი თქმით, სამშობიარო დიდი ხანია, აღარ მოქმედებდა, ვიშეგირსკაია კი დაქირავებული მსახიობი იყო. ტვიტერმა ეს პოსტები დეზინფორმაციის გავრცელების გამო წაშალა.

ვერონიკას დაბადებიდან ორ დღეში ოთხი Z-ნიშნიანი რუსული ტანკი იმ კლინიკის სიახლოვეს განლაგდა, სადაც ის და დედამისი იწვნენ. AP-ის ჟურნალისტი სამედიცინო მუშაკების იმ ჯგუფთან იმყოფებოდა, რომელიც სნაიპერთა თავდასხმაში მოყვა.

რუსეთის ტანკები მარიუპოლის გარეუბანში. 11 მარტი, 2022.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / Mystyslav Chernov

დერეფნები გაივსო ადამიანებით, რომლებსაც წასასვლელი არსად ჰქონდათ. ანასტასია ერაშოვა კანკალითა და აცრემლებული თავის მძინარე შვილს ეხუტებოდა. ჭურვებმა მისი მეორე შვილი და ძმისშვილი იმსხვერპლა. ერაშოვას თავზე სისხლი ჰქონდა შემხმარი.

"არ ვიცი, სად გავიქცე. ვინ დააბრუნებს ჩვენს შვილებს? ვინ?" — მოთქვამდა ის.

იქ მომუშავე ექიმისა და ადგილობრივების მიხედვით, რუსებმა მთელი შენობა ალყაში მოაქციეს, სამედიცინო პერსონალი და პაციენტები გამოკეტეს და საავადმყოფოს ბაზად იყენებენ.

ქალაქის მერის მოადგილე, ორლოვი ამბობს, რომ უარესის მოლოდინში არიან. "ჩვენი მცველები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაგვიცავენ, მაგრამ ხალხი საჭმლისა და წყლის არქონის გამო კვდება, მომდევნო დღეებში ასობით და ათასობით გარდაცვლილი გვეყოლება", — განაცხადა მან.