თურქეთში მდებარე ანატოლიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საშუალო სკოლის ასაკის "კლასის მასხარები" სხვა მოსწავლეებზე ჭკვიანები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მათში გონებრივი შესაძლებლობები და იუმორის გრძნობა ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული.

"ჩვენ ბავშვების იუმორის ხარისხი გვაინტერესებდა, ზრდასრულების მიერ შეფასებული. მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ მათი შვილები ან მოსწავლეები ხშირად კარგად ხუმრობენ, დიდი ალბათობით, მათ გამორჩეული ინტელექტი აქვთ", — აცხადებენ გამოცემაში International Journal of Humor Research გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ არასრულწლოვანები ზრდასრულებისგან განსხვავებული მიზეზის გამო ხუმრობენ.

"თუ ზრდასრულებში იუმორი, მეტწილად, გართობას უკავშირდება, ბავშვები მას თანატოლების მხრიდან სოციალური მიმღებლობის დამსახურებისთვის იყენებენ. შესაბამისად, მათში იუმორის ბუნება სხვადასხვააგვარია", — ამბობენ სპეციალისტები.

იმის გასაგებად, თუ რომელი მოსწავლე იყო უფრო მხიარული და ჭკვიანი, მეცნიერებმა ექსპერტებს სთხოვეს, ზემოხსენებულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი 217 ინდივიდის მიერ კომიქსებზე მიწერილი ტექსტები შეეფასებინათ. ჟიურიმ ნამუშევრები კომიკურობისა და ილუსტრაციებთან შესაბამისობის კრიტერიუმების მიხედვით განიხილა. შედეგებმა ცხადყო, რომ ბავშვებს, რომლებიც სიტყვიერი მსჯელობის უნარითა და გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩეოდნენ, პარალელურად უკეთესი იუმორიც ჰქონდათ.

ეს მიგნება ღირებულია, რადგან შეიძლება მოსწავლეების წინსვლის განსაზღვრასა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.