პანკისის ხეობაში მდებარე სოფელი დუისი თბილისიდან ორსაათნახევრის სავალზეა. 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის თანახმად, სოფელში 2,354 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 93.7% ეთნიკური ქისტია.

ერთ-ერთი მათგანია იიმან აბდულაევი. ის 23 წლისაა და მშობლიურ სოფელში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა — სწორედ მაშინ, როცა მსოფლიოში პანდემია დაიწყო. მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის ფილოლოგია შეისწავლა.

იიმანს სურდა, მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვებისთვის გაეზიარებინა, მაგრამ სამუშაო არსად ჩანდა. ახლა იხსენებს, რომ მზად არ აღმოჩნდა იმ პრობლემებთან გასამკლავებლად, რომლებსაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადააწყდა.

პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდები ამბობენ, რომ იქ თვითრეალიზაცია სერიოზული გამოწვევაა, რაც კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილმა კრიზისმა კიდევ უფრო გაამწვავა. სწორედ თვითრეალიზაციის სურვილმა გადააწყვეტინა ახალგაზრდებს ადგილობრივი ორგანიზაციის შექმნა; ორგანიზაციის, რომელიც შეკრებდა ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს და თვითმმართველობის საკითხებში მათ ჩართულობას წაახალისებდა.

"როდესაც ჩამოვედი ხეობაში და გარშემო ვუყურებდი რა და როგორ ხდებოდა, მე არ მქონდა ინფორმაცია იმაზე, თუ რაში შემეძლო მონაწილეობის მიღება, რაში შემეძლო ჩავრთულიყავი… რადგან ვიცოდი, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდასაც არ ჰქონდა ეს ინფორმაცია, ვიფიქრე, რომ რატომაც არა — გავიაროთ ტრენინგები, გავიგოთ მეტი მეც და სხვებმაც", — ამბობს იიმან აბდულაევი. ამიტომ გადაწყვიტა, განეხორციელებინა პროექტი, რომელიც ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს პრაქტიკულ ცოდნას მიაღებინებდა.

წაიკითხეთ ვრცლად

პანკისელი ახალგაზრდები რეგიონის განვითარებისთვის

სტატია მომზადებულია USAID/საქართველოს მხარდაჭერით ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის კამპანიის #ჩვენვართსაქართველო ფარგლებში.