დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის დაფინანსების წყარო უცნობია. DRI აღნიშნავს, რომ დაჯგუფება თავდაპირველად ტელევიზიის ფორმით გამოჩნდა და ახლა ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას ცდილობენ.

პარტიის დამფუძნებლებმა ყრილობაზე პრორუსული და ანტიდასავლური საგარეო ვექტორის შესახებ ღიად განაცხადეს და საქართველოს მასშტაბით, ოფისების გახსნა დაიწყეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ორგანიზაცია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თითოეული ოფისის ყოველთვიური ქირა 1 500-დან 2 500 ლარამდე მერყეობს.

"ამ ხარჯს, ასევე, ემატება იმ პირების შრომის ანაზღაურებაც, რომლებიც ალტ-ინფომ ადგილობრივ ოფისებში დაასაქმა. თითოეული ასეთი ოფისისთვის საშუალოდ გამოყოფილია 5-6 თანამშრომელი. მათი შრომის ანაზღაურება, ამ ეტაპისთვის, გასაიდუმლოებულია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს გადმოცემით, თანამშრომელთა უმეტესობა ხელფასს არა საბანკო გადარიცხვით, არამედ ხელზე იღებს, რაც აღრმავებს ეჭვებს პარტიის დაფინანსების წყაროსა და ოდენობის შესახებ", — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ოფისების უმრავლესობა ქალაქის ცენტრში იხსნება, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მათივე თქმით, თებერვლის ბოლოს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია პარტიის დამფინანსებლების შესახებ. კერძოდ, დაფუძნებიდან 22 მარტის ჩათვლით, მათი შემოსავალი 90 935 ლარია, დეკლარილებული შემოწირულებების ოდენობა კი ბოლო 6 დღის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა.

"თუ 2022 წლის 16 მარტის მდგომარეობით კონსერვატიული მოძრაობის ოფიციალურად დეკლარირებული შემოწირულებების ჯამური ოდენობა 36 675 ლარი იყო, 21 მარტის შუადღის მონაცემებით, ეს თანხა 44 725 ლარი გახდა. 22 მარტს კი, წინამდებარე ანგარიშისთვის საბოლოო სახის მიცემის დროისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თანხა 90 935 ლარია", — ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველი ზეზვა ჩანქსელიანია. აღსანიშნია ისიც, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილს 1 000 ლარი შესწირა.

DRI-ში ამბობენ, რომ ინფორმაცია პარტიის ფინანსების შესახებ ხელმისაწვდომი დიდი ხნის განმავლობაში არ იყო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ქარდავას მტკიცებით, მათ ძირითადად, კონსტანტინე მორგოშია აფინანსებს, თუმცა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ არის. მათივე განმარტებით, ოფიციალურად გამჟღავნებული შემოწირულებები უკვე გახსნილი ოფისების ქირის, თანამშრომელთა ხელფასებისა და სხვა ხარჯების გასასტუმრებლად საკმარისი არ შეიძლება იყოს.

ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა ალტ-ინფომ პარტია 20 ნოემბერს დააფუძნა, რომელსაც კონსერვატიული მოძრაობა უწოდეს. პარტიის თავმჯდომარე 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძეა. 5-6 ივლისს ჯამში 50-ზე მეტ ჟურნალისტს, სამოქალაქო მოძრაობების ოფისებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხნენ თავს.

აქამდეც და მათ შორის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგად კი ალტ-ინფოს პარტია რუსულ, კრემლისტურ ნარატივს ავრცელებს. აღსანიშნია, რომ ქცევის წეების დარღვევის გამო, Facebook-მა მათი გვერდები წაშალა, თუმცა, ისინი მუდმივად ცდილობენ სხვა პლატფორმების ათვისებას, მათ შორისაა, Tik-Tok და ტელეგრამი.

მათ ღიად აქვთ განცხადებული პრორუსული პოლიტიკა, მეტიც, 14 მარტს კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ "მთელი პარტიული დელეგაციით" რუსეთში აპირებენ წასვლას.