კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დედამიწის ორივე პოლუსზე გამაოგნებელი სითბური ტალღები დაფიქსირდა, რამაც ანტარქტიდის გარკვეულ ტერიტორიებზე ტემპერატურის 40ºC-ით, არქტიკის ნაწილზე კი — 30ºC-ით მატება გამოიწვია. ამ ამბავმა არამხოლოდ კლიმატის მეცნიერები, ჩვეულებრივი ადამიანებიც შეგვაშფოთა და იმაზე დაგვაფიქრა, თუ რას გვიქადის ცხელი მომავალი.

ასევე: დედამიწის ორივე პოლუსზე გამაოგნებლად, ჩვეულებრივზე 30-40ºC-ით დათბა — რას ნიშნავს ეს

რამდენიმე პასუხი პოლუსების დათბობით გამოწვეულ კითხვებზე

სტატიის დასაწყისშივე შეგახსენებთ, რომ ახლო მომავალში, ყოველ შემთხვევაში გლობალური დათბობის გავლენით, წარღვნა არ დაგვატყდება თავს. რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილება ზღვის დონის მატებას გამოიწვევს, თუმცა გასულ წელს NASA-ის მიერ შემოთავაზებულ ყველაზე ცუდ და ნაკლებ სავარაუდო სცენარებს თუ გავითვალისწინებთ, შემდეგი საუკუნის შუა წლებამდე ზღვის დონე მაქსიმუმ 2.51 მ-ით მოიმატებს, რაც მთელი ხმელეთის წყლით დაფარვას სულაც არ ნიშნავს. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პრობლემის ყველაზე ცუდ მხარეს არა ზღვის დონის, არამედ ტემპერატურის მატება და ჰაერისა თუ წყლის ხარისხის გაუარესება წარმოადგენს.

ფოტო: severe-weather.eu

გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად აქვე აღვნიშნავ, რომ პოლუსებზე ასეთი რეკორდული ტემპერატურები რამდენიმე სადგურზე დაფიქსირდა. ეს იმაზე არ მიანიშნებს, რომ არქტიკასა და ანტარქტიდაზე ამიერიდან სტაბილურად მაღალი ტემპერატურა იქნება, იქ არსებული ყინული რამდენიმე საათსა თუ დღეში თხევად წყლად გადაიქცევა და შავი ზღვის ნაპირი თბილისამდე გადმოინაცვლებს. მიუხედავად ამისა, 30-40ºC ტემპერატურული ნამატი შემაშფოთებელი მაჩვენებელია და გვიჩვენებს, რომ კლიმატი იმაზე 2-3-ჯერ უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე არსებული მოდელებით იყო გათვალისწინებული. ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური დათბობის მიმართ პოლუსები, დანარჩენ პლანეტასთან შედარებით, უფრო მოწყვლადები არიან.

უკვე სამი ათწლეულია გვესმის, რომ დედამიწაზე კლიმატი იცვლება, გლობალური პრობლემის წინაშე ვდგავართ და, ვაიმე, რა გვეშველება. მიუხედავად ამისა, ზამთარში არანაკლებ გვცივა და მარტში ზუსტად ისეთ თოვლს ვხედავთ, როგორსაც ხანშიშესული ადამიანები ნოსტალგიით იხსენებდნენ ხოლმე და ამბობდნენ, რომ გლობალური დათბობის გამო ზამთარი ის აღარაა, რაც ადრე იყო.

როგორც უკვე არაერთხელ დამტკიცდა, გლობალური დათბობა სწორხაზოვანი და მარტივი პროცესი არაა. დედამიწა ერთიანი სისტემაა, სადაც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ერთ ადგილას პატარა პროცესმა, შესაძლოა, სხვაგან დიდი ცვლილებები გამოიწვიოს, რაც, ერთი შეხედვით, შესაძლოა, ლოგიკური სულაც არ იყოს, ამიტომ მას მეორედ და მესამედაც უნდა დავაკვირდეთ. კლიმატის ცვლილება ყველგან სტაბილურ დათბობას არ ნიშნავს და არც იმას, რომ წლის ყველა სეზონზე იმაზე მაღალი ტემპერატურები ფიქსირდება, ვიდრე გასულ ათწლეულში, ან საუკუნეში. ამის კარგ მაგალითს ახლანდელი ზამთარიც წარმოადგენს, რომელიც, წესით, გაზაფხული უნდა იყოს.

ფოტო: თაიმერი

რატომ თოვს მარტში თბილისში

ცივი ზამთრები ადამიანთა ნაწილს, მათ შორის კი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, აფიქრებინებს, რომ კლიმატის ცვლილება გამოგონილი რამაა. 2015 წლის თებერვალში აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა სენატის იატაკზე თოვლის გუნდა ისროლა და ამით, თავისი აზრით, ის დაამტკიცა, რომ ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილება ერთი დიდი ტყუილი იყო. ამ დროს ვაშინგტონში უჩვეულოდ ცივი ზამთარი იდგა. სენატორმა მაშინ იკითხა, თუ გლობალური დათბობა მართლაც მიმდინარეობს, მაშ დედაქალაქში ასე რატომ ცივაო. იგივე კითხვა აქვთ თბილისელებსაც, რადგან დედაქალაქში გაზაფხულის ასეთ ცივ და თოვლიან დასაწყისს არავინ ელოდა.

კითხვა ლეგიტიმურია და, საბედნიეროდ, მეცნიერებმა მას პასუხი რამდენიმე წლის წინ გასცეს. 2021 წელს Science-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ექსტრემალური ზამთარი აშშ-ში არქტიკის აჩქარებულ დათბობას უკავშირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, არქტიკაზე ტემპერატურის მატება პოლარული მორევის — ჩრდილო პოლუსის გარშემო დაბალი წნევის არეებში წრიულად მოძრავი ცივი ქარების სისტემის რღვევას იწვევს.

დათბობის შედეგად, ცივი ჰაერის რეაქტიული ნაკადი, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსის ზამთრის ამინდზეა პასუხისმგებელი, სამხრეთისკენ გამოიტყორცნება, ვრცელდება ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, მათ შორის თბილისშიც, და ადგილობრივ ამინდზე ახდენს გავლენას. არქტიკული ჰაერის მასები აქ ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას და ექსტრემალურ ზამთრებს განაპირობებს.

პროცესის უკეთ ასახსნელად, დათბობასთან ერთად, ყინულის დნობის შედეგად, არქტიკაში მცირდება ყინულის საფარი, რომელიც მზის სხივებს აირეკლავს, მის ადგილს კი თხევადი წყალი იკავებს, რომელიც მზის სხივების დიდ ნაწილს შთანთქავს. 1979-2015 წლების იანვრისა და თებერვლის პოლარული მორევის მონაცემებზე დაკვირვებით ამერიკის მეტეროლოგიური სადგურის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არქტიკაში ტემპერატურის მატების შედეგად, ტროპოსფეროდან სტრატოსფეროში უფრო და უფრო მეტი რაოდენობის სითბო გაედინება. სტრატოსფეროში შემავალი თბილი ჰაერის ნაკადი საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრავი პოლარული მორევის ცირკულაციას არღვევს. მორევი უფრო დიდ ფართობზე იშლება და სუსტდება. ამ დროს მისი ცივი ჰაერი სამხრეთით მიემართება და ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ექსტრემალური ზამთრების დადგომას იწვევს.

ფოტო: SnowBrains

ცივი ჰაერის მასებს უფრო დიდი ეფექტი ევრაზიაზე აქვს. 2012 წელს აქ ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთარი დაფიქსირდა, რასაც არაერთი რუსის სიცოცხლე შეეწირა. გასულ წელს შვედეთში ბოლო 111 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა, წელს კი, თეთრიწყაროში, ამინდმა ხალხს 1960-იანი წლების ნოსტალგია გაუღვიძა და, როგორც იქნა, თოვლმა ჩემი ოთახის ფანჯრებიც დაფარა.

არქტიკული დათბობის შედეგებისა და მათი ინტენსივობის შესაფასებლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, აქამდე არსებული მოხსენებები კი უკვე ამტკიცებს, რომ უჩვეულოდ ცივი ზამთარი კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ეფექტია.

გლობალურ დათბობასთან ერთად, მომავალ წლებში, სავარაუდოდ, უფრო ექსტრემალურ ზამთრებს, ინტენსიურ წყალდიდობებსა და ხშირ გვალვებს, თბილისში კი ასეთივე თოვლიან მარტის თვეებს უნდა ველოდოთ. წლევანდელი ზამთარი კი შეგვახსენებს, რომ სათბურის აირების ემისიით არამხოლოდ პლანეტას ვათბობთ, მთელი დედამიწის სისტემებსაც ვარღვევთ, გლობალური დათბობით გამოწვეული პრობლემები და დისკომფორტი კი, ყოველწლიურად უფრო შესამჩნევი ხდება.