ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება არ აპირებს ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობას. მათი აზრით, ჰააგის გამოძიება აბსოლუტურად მიკერძოებულია და არაფერი საერთო სამართლიანობასთან.

ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს ჰააგის ბრალდებულები დამნაშავეები არ არიან.

"სამხრეთ ოსეთში ამ ინფორმაციამ სრული გაოგნება გამოიწვია, რადგან სწორედ ამ ჩინოვნიკებმა, რომლებიც დაადანაშაულეს ქართველი სამხედრო ტყვეების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში, ყველა ღონე იხმარეს მათი სიცოცხლის გადასარჩენად, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შემდგომ გადაყვანისთვის საქართველოს მხარეს. ამავდროულად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არც ერთი საპროცესო მოქმედება არ მიუღია ქართველი სამხედროებისა და ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც დამნაშავეები არიან სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დოკუმენტირებული სამხედრო დანაშაულების ჩადენაში", — აცხადებს დე ფაქტო ხელისუფლება.

11 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე დაკავების სამი ორდერი გასცა. ICC-ის პროკურორის კარიმ ხანის განცხადებით, ორდერები გაიცემა შემდეგ მაღალჩინოსნებზე:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, თანამდებობაზე იყო 2008 წლის31 ოქტომბრამდე;
  • გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს მოვლენების დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო;
  • დავიდ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.

პროკურორის თქმით, აქვს დასაბუთებული საფუძველი ივარაუდოს, რომ ეს სამი პირი ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 2008 წლის 8-დან 27 აგვისტოს ჩათვლით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მის გარშემო ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის.

მისი განცხადებით, დაკავების ორდერები კონკრეტულად ეხება უკანონო პატიმრობებს, არასათანადო მოპყრობას, მძევლების აყვანას და შემდგომში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანას.